საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მესაკუთრე სახელმწიფო იქნება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად დგინდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის ასაშენებლად გამოყოფილი მიწის მესაკუთრე სახელმწიფოა და შესაბამისად, ახალი შენობის მესაკუთრეც სახელმწიფო იქნება. სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს შორის შემდგარი გარიგების საფუძველზე, მაუწყებელს მიწა “სარგებლობის უფლებით” უსასყიდლოდ გადაეცა, რაც სახელმწიფოს უტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მის მფლობელობაში დარჩენილი აღნიშნული მიწისა და სამომავლოდ მასზე აშენებული შენობის ბედიც.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მაუწყებლის დამოუკიდებლობის გარანტიებს, მიეცა რა სახელმწიფოს დამატებითი ბერკეტი სამომავლოდ ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ახალი შენობის აუცილებლობის შესახებ საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს. 2017 წლის ბოლოს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის შეთანხმებით, მაუწყებელი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე გადავა და ახალი შენობის ასაშენებლად მიწას სახელმწიფო “სარგებლობის უფლებით” გადასცემს. მშენებლობის ხარჯების დასაფარად მაუწყებელი სესხის გამოტანას აპირებს, თავად მშენებლობის დასრულება კი 2020 წლისთვის იგეგმება.
დღეისათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაში კოსტავას ქუჩაზე, თბილისის ცენტრალურ უბანში 33 209 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებია. ქონების ეროვნულმა სააგენტომ ახალი შენობისთვის პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე 18761 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები “სარგებლობის უფლებით” გადასცა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სხდომაზე სამეურვეო საბჭოს წევრებმა დაუჭირეს მხარი.

რატომ არის მიწის “სარგებლობის უფლებით” გადაცემა საფრთხის შემცველი
მაუწყებელს სახელმწიფოსგან მიწა მართალია უფასოდ, მაგრამ “სარგებლობის უფლებით” გადაეცა. კანონმდებლობის თანხმად კი ეს ნიშნავს, რომ მიწის მესაკუთრედ კვლავ სახელმწიფო რჩება. მიწასთან ერთად ის შენობაც, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ააშენებს, ავტომატურად სახელმწიფო საკუთრებაში იქნება.
ამასთანავე, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეზღუდება მთელი რიგი მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა, როგორიცაა ქონების იპოთეკით ან/და სერვიტუტით დატვირთვა, დაგირავება, გაყიდვა. სახელმწიფოს ასევე უფლება აქვს შესაბამისი ღირებულების გადახდის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მიწისა და შენობის მისთვის გადაცემა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დაკავშირებით საუბარი ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2016 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი ნიუსრუმის მშენებლობის არქიტექტულ პროექტში 39 ათასი ლარი გადაიხადა. თუმცა, მოგვიანებით ამ შენობის აშენება გადაიფიქრა და შესაბამისად, პროექტში გადახდილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. 2017 წლის დასაწყისში ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობის გაყიდვას არ აპირებდნენ და მაუწყებლის მესამე კორპუსის რეკონსტრუქციისა და ახალი ნიუსრუმის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა, სადაც კომპანია”თბილქალაქპროექტმა” გაიმარჯვა. გადასახადის გადამხდელებს შენობის ახალ დიზაინში 1 179 998 ლარის გადახდა მოუწიათ. თუმცა, მაუწყებელმა ტენდერის დასრულებისთანავე გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალა და შენობის აშენება ახალ მისამართზე გადაწყვიტა.
შენობის საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემა ახალი არ არის ქართულ მედია სივრცეში. დღეისათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელობა მოკლებულია შესაძლებლობას განკარგოს საკუთარი ტელევიზიის შენობა და მიწა, ვინაიდან ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბალანსზეა და დღემდე ვერ მოხერხდა მაუწყებელსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა ქონების აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის გადაცემასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ
უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიწის “სარგებლობის უფლებით” გაცემის შესახებ;
სახელმწიფოსთან ან ნებისმიერ სხვა პირთან მიწის/შენობის გადაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ისეთი ფორმა უნდა შეირჩეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიწის თუ შენობის საკუთრების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვია
შემდეგი სტატიაპრემიერი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას