რომან გოცირიძე: საზოგადოებრივი მაუწყებელს ხელმძღვანელობა იტყუება

“საზოგადოებრივი მაუწყებელს ხელმძღვანელობა იტყუება. თავს იმართლის დათო გორგილაძის გადაცემის დახურვის გამო. მაუწყებლის დაფინანსებას არ დაკლებია არცერთი თეთრი 2024 და 2025 წელს, იგივე რჩება რაც იყო მიმდინარე 2023 წელს. რაც შეეხება ახალი ოფისის მშენებლობას, რომლითაც უნდათ ახსნან გადაცემების შემცირება, ფინანსდება სხვა წყაროებიდან, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული შენობების გაყიდვის და საბანკო კრედიტის მეშვეობით და მას მიმდინარე ხარჯებთან არა აქვს რაიმე კავშირი”, აცხადებს პარლამენტარი რომან გოცირიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის დაბრუნების მოთხოვნით პეტიციაშეიქმნა. პეტიციის ორგანიზატორები ტექსტში პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ გადაცემის დახურვა “მოულოდნელი და არამოტივირებულია”.

ტექსტის ავტორების განცხადებით, არხის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი თავისუფალი იყო პოლიტიკური გავლენებისგან და საზოგადოების განათლებას ისახავდა მიზნად – მათი თქმით, არჩევნებამდე 1 წლით მიდი ადრე დახურვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად შეიძლება იქნას წაკითხული.

15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პოპულარული გადაცემა გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა. როგორც წამყვანი დათო გორგილაძე ამბობს, მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაუსახელეს.

დათო გორგილაძეს არაერთხელ დაუფიქსირებია პირადი აზრი სხვადასხვა საკითხზე. ის ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ ე.წ. აგენტების კანონპროექტს აქტიურად აკრიტიკებდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. არსებული კანონით, დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით ხდება. მაგალითად, 2021 წელს დაფინანსება 69,6 მლნ ლარს შეადგენდა.

ახალი კანონის თანახმად, რომელსაც პარლამენტმა მესამე მოსმენით 15 დეკემბერს დაუჭირა მხარი, დაფინანსების წესი იცვლება. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.

კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის, 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.

 

banner
წინა სტატიაშიზარქუა: ზეიმი განკუთვნილი იყო მათთვის, ვინც გვერდში გვედგა, ზურაბიშვილი ამ სიაში არ ეწერა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: “უკულტურო, არაქართული და არაევროპული საქციელია”