საზოგადოებრივი მაუწყებელი ბერას კომპანიას 400 ათასამდე ლარს უხდის

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის შვილის – ბერა ივანიშვილის კომპანიას ორი სხვადასხვა ტენდერის გზით 372 011 ლარს უხდის.

23 ოქტომბერს დასრულებული ტენდერის მიხედვით, ბერა ივანიშვილის კომპანიისგან საზოგადოებრივი მაუწყებელი 346 098 ლარად იქირავებს განათებას. მაუწყებელს განათება გადაცემისთვის “აქტუალური თემა 1 არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად” სჭირდება.

მაკა ცინცაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობამდე, GDS-ის წამყვანი იყო, რომელიც ივანიშვილის საკუთრებაა. ივანიშვილის გადაცემა 20/30-ის ყოფილმა პროდიუსერმა ვასილ მაღლაფერიძემ, მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა, ცინცაძე GDS-ის სხვა 30 ჟურნალისტთან ერთად დაასაქმა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ცინცაძის გადაცემისთვის განათებას 9 თვით იქირავებს, ტენდერი ბერა ივანიშვილის კომპანია “სილქ ფაქტორი სტუდიომ” მოიგო და ახლა მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

სატენდერო პირობების მიხედვით, 2017 წელს გადასახდელი სავარაუდო თანხაა – 76 910 ლარი, ხოლო 2018 წელს გადასახდელი სავარაუდო თანხა განისაზღვრება 269 188 ლარით.

“სილქ ფაქტორი სტუდიოს” 100%-იანი წილის მფლობელი მმართველი პარტიის დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილია, ხოლო კომპანიის დირექტორი რეჟისორი გოგა ხაინდრავაა, რომელმაც ივანიშვილის GDS-ის დაკვეთით მიხეილ სააკაშვილის შესახებ ფილმი “ჰეროკრატია” გადაიღო. კომპანია”სილქ ფაქტორი სტუდიო” 2017 წლის 15 თებერვალსაა დაფუძნებული.

ამ კომპანიასთან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კიდევ ერთი კონტრაქტი გააფორმა სექტემბერში, რომელიც გულისხმობს გენერატორით, ძალოვანი კაბელითა და დენის გამანაწილებლის ქირაობას 25 913 ლარად.

აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ეს ტექნიკა საზოგადოებრივ მაუწყებელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩასატარებელი ღონისძიებების წარსამართავად სჭირდებოდა.

კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა გადაცემა “თვითმმართველობა 2017”, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები თავიანთ პროგრამებს აცნობდნენ ამომრჩეველს. გადაცემა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა.

სატელევიზიო ტოქშოუების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განახორციელა ევროკავშირისა და UNDP-ის დაფინანსებით, აღნიშნული გადაცემის წამყვანი არ სვამდა კრიტიკულ და სიღრმისეულ შეკითხვებს და მონაწილეებს შორის დებატებიც არ გამართულა, იმის მიუხედავად, რომ გადაცემის დეკლარირებული მიზანი ეს იყო.

მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში შინაარსობრივი პრობლემების გარდა, საუბარია ტექნიკურ პრობლემებზე, რადგანაც გადაცემა ღია სივრცეში იმართებოდა და ბუნებრივ-კლიმატური პირობების გამო თავად მონაწილე კანდიდატებისთვისაც გაუსაძლისი იყო ამ გადაცემაში მონაწილეობა. ამას გარდა, ქარიან ამინდში ეთერში კადრი ყანყალებდა, შემოდიოდა ხმაური და ა.შ.

უფრო მეტიც, 19 ოქტომბერს თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებში უშუალოდ გადაცემის სტუმრებმა გამოთქვეს პრეტენზია და შენიშვნები ტექნიკური პრობლემების გამო, ვინაიდან დებატები ღია ცისქვეშ მიდიოდა იქვე მიმდინარე კონცერტის ფონზე, მონაწილეებს არ ესმოდათ კონკურენტების საუბარი, გადაცემა რამდენიმე წუთის მანძილზე პარალიზებული გახდა, ვინაიდან იმ დროს მოხდა ფეირვერკის გაშვება და ფაქტორბივად არაფერი ისმოდა.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვასილ მაღლაფერიძის გენერალურ დირექტორად დანიშვნის შემდეგ არაერთი გადაცემა დაიხურა იმ მოტივით, რომ არხს არა აქვს ფინანსური რესურსი და ტექნიკური გადაიარაღებისთვის აუცილებელი იყო რესურსების დაზოგვა.

დაიხურა “რადიო თავისუფლების” ორი გადაცემა “წითელი ზონა” და “ინტერwiev”, იმ მოტივით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აპირებს გარე სტუდიებთან თანამშრომლობას.

 

წყარო www.netgazeti.ge

banner
წინა სტატიაშისაკაბელო ოპერატორები კონკრეტული არხების უფასოდ გავრცელების უფლებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაცხინვალის რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი კატალონიას ეწვია