“საზოგადოების ჩართულობით შერჩეულ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე უარის თქმა, საზოგადოებისთვის უარის თქმა იქნებაა” – ნაცვლიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ორშაბათიდან პროფესიულ ჯგუფებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციებს იწყებს, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარების გაუმჯობესებაზე მუშაობენ და პროფესიული კვალიფიკაცია აქვთ.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სურვილია, რომ მაქსიმალურად ღია, გამჭვირვალე, ფართო ჩართულობის მქონე პროცესის მეშვეობით მოხდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ღირსეულ კანდიდატზე შეჯერება, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ მაღალ პოზიციას და რომელიც შეძლებს ამ ურთულეს ვითარებაში სასამართლო სისტემა გაჯანსაღებისკენ წაიყვანოს.

,,შესაბამისად, ეს არ იქნება პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ეს არ იქნება გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა.

ეს იქნება საზოგადოების ფართო ჩართულობით შერჩეული ადამიანი, რომელზეც უარის თქმა, ქართული საზოგადოებისთვის უარის თქმა იქნება და დაადასტურებს იმ ეჭვებს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს პოლიტიკური ნება და სურვილი, რომ სასამართლო სისტემა გაუშვას თავისი კონტროლიდან და მისცეს მას რეალური შესაძლებლობა, რომ იქ დაიწყოს ჯანსაღი პროცესები.

ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშნველობის პროცესი, ამიტომ საჭიროა ახლა, როგორც არასდროს, რომ ყველა პროფესიულმა ჯგუფმა, ყველამ ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყნის მომავალზე და მართლმსაჯულების მომავალზე, მიიღოს აქტიური მონაწილეობა.

ჩვენ ველოდებით გამოხმაურებებს, ბუნებრივია ჩვენ თავადაც გვექნება კონტაქტი ჯგუფებთან, მაგრამ ყველა დაინტერესებული მხარიდან ველოდებით მოსაზრებებს, რათა ვიპოვოთ კარგი კანდიდატი, ღია, სრულიად გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს შემხებლობა არ ჰქონდა მკვლელობასთან”- შოთაძე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ასე თუ გავაგრძელებთ, შეიძლება კომისიის მუშაობის შემსწავლელი კომისია დაგვჭირდეს