მიტროპოლიტი ნიკოლოზი მეუფე პეტრეს სისხლის სამართლებრივ დასჯაზე საუბრობს

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ვიდეომიმრთვა გაავრცელა, რომელშიც ეკლესიაში არსებულ სკანდალურ თემებზე ისაუბრა. მიტროპოლიტი ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მმართველს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში და მღელვარების გამოწვევაში ადანაშაულებს, რაც მისი თქმით, კანონით დასჯადია. როგორც მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, მეუფე პეტრემ ხელყო პატრიარქის ხელშეუხებლობა, რომელიც კონსტიტუციითაა დაცული:

“მხედველობაში მაქვს მეუფე პეტრეს კონკრეტული საქციელი, ფრაზა, რომელიც ყველამ ნახა, ჟურნალისტებმა დამისვეს შეკითხვა, რას ვიტყოდი მეუფე პეტრეს დაყენებულ ბრალდებაზე. მე მაშინვე ვუთხარი ყველას, რომ ეს არ არის ბრალდება, არც ცილისწამება, არამედ ეს არის აბსოლუტურად მკაფიოდ წარმოთქმული შეურაცხყოფა, გინება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ. მისი სასულიერო პირები, ჟურნალისტები შეეცადნენ გადაეკეთებინათ და შეერბილებინათ, რომ მეუფე პეტრეს მხედველობაში ჰქონდა სამედიცინო ტერმინოლოგია, რაც არის სიცრუე, იმიტომ რომ ასეთი ინტონაციით, ჟღერადობით, ემოციით წარმოთქმული ეს ფრაზა არის გინება, რომელიც ჩემს ბავშვობაში წარმოითქმებოდა ქუჩაში. ეს იყო აღელვებით ნათქვამი, გამეტებით ნათქვამი ფრაზა, რომელიც იყო ქუჩაში განსაზღვრული ე.წ ფორმულა – გინება, რომლის წარმოთქმისას არავინ არავის ეკითხებოდა რა აქვს მხედველობაში, რა არგუმენტები გააჩნია სამაგისოდ. ქუჩაში ამას მოჰყვებოდა მყისიერი რეაგირება. სამწუხაროდ, მეუფე პეტრე ქუჩაში აღმოჩნდა, ამ ფრაზას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთივე ფრაზა, საპირისპიროდ ნათქვამი, რომ მე კი არა შენ ხარ მასეთი, მაგრამ ეს არ იქნებოდა სწორი პოზიცია. ბავშვობაში სწორი პოზიცია იყო ძალისმიერი მოქმედება, ანუ პირდაპირი დარტყმა სახეში. დღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვა სივრცეში ვიმყოფებით, მაგრამ ასეთივე მოქმედებას აქვს ადგილი,”- განაცხადა ახალქალაქის მიტროპოლიტმა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მეუფე პეტრეს ერთადერთი პასუხი უნდა ყოფილიყო ბოდიში, თუმცა ეს მან არ გააკეთა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საზოგადოებრივი წესრიგის მსგავსი დარღვევა უნდა დაისაჯოს.

“ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა, გინება, რომელიც თუ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და მღელვარებას იწვევს, აუცილებლად დასჯადია კანონით. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. შეიძლება ეს იყოს ჯარიმა ან რამდენიმე დღიანი პატიმრობა. მაგრამ აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე, ვის მიმართ არის ეს ნათქვამი, ეს არის კათოლიკოს პატრიარქის მიმართ, რომელსაც იცავს 2 კანონი- საეკლესიო და საერო. კონსტიტუციის მიხედვით პატრიარქი არის ხელშეუხებელი. დიდი სჯულის კანონში და საქართველოს ეკლესიის მართვა გამგებლობის დებულებაშიც მკაფიოდ წერია ამის შესახებ. მან ხელყო კათოლიკოს პატრიარქის ხელშეუხებლობა და ჩაიდინა მე-5 მცნების დარღვევა, რომელიც არ ეხება მხოლოდ ხორციელ მშობლებს,”- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზმა პატრიარქის მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად პატრიარქის ასაკისა და ფიზიკური მდგომარეობისა, ის გონებრივად და სულიერად ძალიან მხნედ არის.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი პარტიულ აქტივთან დახურულ შეხვედრას მართავს
შემდეგი სტატიალევან ვასაძე ფილმის – “And Then We Danced” ქართულ კინოთეატრებში სეანსების ჩაშლით იმუქრება