საზოგადოება უნდა ჩამოვიდეს დავით გარეჯში, დადგეს და არ გაატაროს არავინ, ბუნებრივია, ვგულისხმობ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს – ქაცარავა

დავით გარეჯის უდაბნოში მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათი ინფორმაციით, უდაბნოში მდებარე აღდგომის ტაძრამდე მისასვლელი გზის გახსნა დროებითია.

„ძალა ერთობაშიას“ წევრები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ ყველაფერი გააკეთონ, რადგან მოქალაქეებს და უცხოელ ტურისტებს გადაადგილებაზე პრობლემა არ შეექმნას.

„იმ შემთხვევაში თუ 15 მაისამდე არ გვექნება საზოგადოებას გარანტია იმისა, რომ ჩვეულებრივ იქნება გახსნილი ჩვენთვის და დარჩება ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიად, მაშინ მე ვთვლი, რომ საზოგადოება უნდა ჩამოვიდეს აქ, დადგეს და არ გაატაროს არავინ, ბუნებრივია, ვგულისხმობ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს. ჩვენთვის არასასიამოვნოა, ბუნებრივია, საუბარი ამ ტონალობაში და ამ ჭრილში საუბარი, როდესაც საუბარი არის ჩვენს მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოზე, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ არავითარი უფლება არ გვაქვს, ვინც არ უნდა იყოს, უახლოესი მეგობარიც კი, რომ დავუთმოთ ჩვენი კუთვნილი ტერიტორიები,“ – განაცხადა დავით ქაცარავამ.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. აზერბაიჯანელ მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, მომდევნო კვირიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ.

banner
წინა სტატიაშისახლში ადამიანი შემოგივარდა და თურმე არ უნდა გააღიზიანო, წყნარად უნდა იყო – სასულიერო პირები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ
შემდეგი სტატია„არ ვაკეთებ კომენტარს,“- ვანო ჩხარტიშვილი ნათია თურნავას რეკომენდატორობასთან დაკავშირებით