საზოგადოება ივანიშვილის დაბრუნებას ხვდება თავშეკავებული ოპტიმიზმით, მაგრამ დიდ დროს არ მისცემს

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

ბიძინა ივანიშვილს ნდობის ლიმიტი აღარ აქვს ისეთი მაღალი, როგორც 2012 წელს და ამიტომ მას დასჭირდება ძალიან სწრაფად მოქმედებები, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, „ქართული ოცნების“ ყრილობისა და ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შეფასებისას განუცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილს დღესაც ემჩნეოდა, რომ პოლიტიკაში იძულებით დაბრუნდა და ამ იძულებას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ექსპერტი ვარაუდობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის იმაზე უფრო მძიმე იყო, ვიდრე 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც ის პოლიტიკაში გამოჩნდა.

„მინდა მჯეროდეს, რომ ის ბრუნდება იმ პრობლემების გადასაჭრელად, რის წინაშეც სახელმწიფო დგას და არ შემოიფარგლება მხოლოდ შიდაპარტიული კრიზისით. მე არ ვიქნები ჯერჯერობით არც ზედმეტად ოპტიმისტი და არც ზედმეტად პესიმისტი. ფაქტია, რომ მას არ აქვს იმის კომფორტი, რომ შიდაპარტიული კრიზისის გადალახვაზე და თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით დასრულებაზე გაჩერდეს. გამოწვევები გვაქვს ძალიან სერიოზული და მას ახლა 4 ეტაპი აქვს გასავლელი. პირველი ეტაპი ეს გახლავთ შიდაპარტიული კრიზისი და მე ვფიქრობ ეს პრაქტიკულად უკვე გადალახულია. მეორე ეტაპი მისი მოქმედებების უნდა იყოს ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა ქვეყანაში, ანუ თანხვედრაში უნდა მოვიდეს ძალის ცენტრები და ინსტიტუციური ცენტრები ქვეყანაში, რაც აუცილებელია მესამე ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანის გადასაწყვეტად, რასაც ჰქვია მმართველობითი სისტემის კრიზისი და ამ ეტაპზე მან უნდა გაატაროს სერიოზული რეფორმა მმართველობითი სისტემის, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების, არა პერსონალური გაგებით, არამედ მისთვის ეფექტურობის შეძენის თვალსაზრისით და ამ მესამე კრიზისის გადალახვა უნდა გახდეს საფუძველი სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაწყვეტისა, რაზეც მან ნაწილობრივ ისაუბრა კიდეც დღეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს 4 ეტაპი მან ძალიან სწრაფად უნდა გაიაროს, რადგან მას ნდობის ლიმიტი აღარ აქვს მაღალი, ისეთი მაღალი, როგორც 2012 წელს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საზოგადოება ყოფილი პრემიერის დაბრუნებას თავშეკავებული ოპტიმიზმით შეხვდა. „ახლა საზოგადოება მის დაბრუნებას ხვდება თავშეკავებული ოპტიმიზმით, მაგრამ დიდ დროს არ მისცემს. შესაბამისად, მას დასჭირდება ძალიან სწრაფად მოქმედებები და შედეგს ვნახავთ პოსტფაქტუმ. თუ ივანიშვილი შემოიფარგლება ძალიან ვიწრო ამოცანების გადაწყვეტით და ისევ დაიწყება ნეგატიური აპელირება არასწორ პოლიტიკურ სპექტრზე, არასწორ მედიაზე ან არასწორ ექსპერტებზე, ეს არის გზა, რომელიც არსად მიგვიყვანს“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

მან ასევე ყოფილი პრემიერის გამოსვლაში არსებულ სისუსტეზეც გაამახვილა ყურადღება. „ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში ერთადერთი სისუსტე იყო. მან თქვა, რომ თავისი მოღვაწეობის გაგრძელებას ხედავდა საზოგადოებრივ პლატფორმაზე, ვინაიდან საზოგადოებას იქ უფრო სჭირდებოდა. სად არის ეს ყველაფერი? საზოგადოებრივ პლატფორმაზე საერთოდ გაქრა ბიძინა ივანიშვილი. ფაქტობრივად მან ამ გამოსვლით ესიც აღიარა, რომ საზოგადოებრივი მიმართულებით მან ვერაფერი შექმნა და ვერ გააკეთა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ფინანსტა მინისტრი ევროპას მოუწოდებს, არ იყოს აშშ-ს “ვასალი”
შემდეგი სტატიაშსს „ბასიანსა“ და „გალერიში“ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს