საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ახსნა განმარტებებს ელოდებიან.
“ისეთი სიტუაციაა, მეგობრებო: მე და ლაშა ტუღუშმა მოვითხოვეთ სხდომის დაუყოვნებლივ დანიშვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით. ვასილ მაღლაფერიძემ მოგვწერა, რომ სხდომა ჩაინიშნა ორშაბათს დილის 12 საათზე “სამუშაო ფორმატში”, რაც ნიშნავს, რომ სხდომის ტრანსლირება არ უნდა მოხდეს. ამაზე ლაშა ტუღუშმა გაუგზავნა მეორე წერილი, სადაც მოითხოვა სხდომაზე არა მხოლოდ ტექნიკური პერსონალის დასწრება, არამედ – გენერალური დირექტორის, იურიდიული სამსახურის და HR ის.
ჩვენ ვითხოვთ სხდომა დაინიშნოს ხვალ, იყოს ტრანსლირებული არა მხოლოდ ფეისბუქით, არამედ პირდაპირი ეთერითაც პირველ არხზე, ჩვენ ვითხოვთ სხდომას დაესწროს გენერალური დირექტორი და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამსახურის უფროსი!”_ წერს სოციალურ ქსელში ლიკა ბასილაია-შავგულიძე.
კადრებმა, სადაც ჩანს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში 10 წლის გოგო დაეცა, ხოლო მის დასახმარებლად რეაგირება რამდენიმე წუთის განმავლობაში არავის მოუხდენია, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.
ინციდენტი 9 ივნისს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დღის გადაცემაში მოხდა, როცა “პირველ არხზე” “სიმღერის აკადემიის” წევრები იყვნენ მიწვეულები.















