საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება – მიხეილ სააკაშვილს დასწრების უფლება არც ამჯერად მისცეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იწყება. ამჯერად საქმე ეხება საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთასთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებას.

სასამართლო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე ისევ მთავარი ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის გარეშე იმსჯელებს.

პროცესის დაწყებამდე მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება კიდევ ერთხელ შეეზღუდა. მათი თქმით, მესამე პრეზიდენტი არის პირველი ადამიანი, ვისაც საკუთარ პროცესზე დასწრების საშუალება არ მიეცა.

ამასთან, ადვოკატებს კითხვები აქვთ, რატომ არ ერთიანდება საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე დაკავებული დანარჩენი 4 პირისა და მიხეილ სააკაშვილის ეპიზოდი.

უფლებადამცველებმა დღეს იუსტიციის მინისტრის განცხადებებზეც ისაუბრეს და თქვეს, რომ რატი ბრეგაძე დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული.

“ბრალდება წარედგინა რამდენიმე კვირის წინ. იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადების ეშინიათ, წინასასამართლო სხდომის გამართვისთვის პროცესი გადმოიტანეს შუა ნოემბერში. მიზეზად მოაქვთ სუს-ის მითიური გამოძიება და ასევე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეფარებიან, ვითომდა ზრუნვის მოტივით არ გადმოჰყავთ სასამართლოზე.

მაქვს კითხვა – თუ ამ საქმეში პოლიტიკური შემადგენელი არ იყო, არ ჰქონდა პროპაგანდისტული ხასიათი, ამ დრომდე რატომ არ მოხდა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში პირველი წარდგენა.

მეორე – რატომ გამოყვეს მიხეილ სააკაშვილის საქმე ცალკე ელგუჯა ცომაიას, ბატონი წოწორიების და ბატონი ნარიმანიძის საქმისგან, მაშინ, როდესაც ერთობლივად წაუყენეს ბრალი და ბრალდებების შინაარსი ფაქტობრივად იდენტურია. როდესაც ცომაიას, წოწორიების, ნარიმანიძის, ნამდვილი გმირების პროცესი იქნება, იქ რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე წარიმართება პროცესი, ეს კიდევ უფრო დიდი ლუსტრაცია იქნება და ამას უნდათ თავი აარიდონ.

იუსტიციის მინისტრის განცხადება მეტყველებს, რომ რატი ბრეგაძე ჩართულია დანაშაულებრივ საქმიანობაში, მათ მიხეილ სააკაშვილი აწამეს, მისი ნების გარეშე გადაიყვანეს იქ, სადაც ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობს და მიხეილ სააკაშვილზე იძალადეს.

რაც შეეხება უკრაინის სახალხო დამცველის არშეშვებას კიდევ ერთი ლუსტრაციაა, როგორ უხეშად ირღევა ადამიანის უფლებები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ”, – ამბობს ბექა ბასილაია.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – არაერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილის შიმშილობა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული
შემდეგი სტატიაელისაშვილი – კერძო კლინიკაში გადაყვანაზე სააკაშვილის მოთხოვნა გაუგებარია, არ მიმაჩნია, რომ პოლიტპატიმარია, იქ არის, სადაც უნდა იყოს