საზღვარი ფსოუზე – ისტორიული გაკვეთილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 20, 2019 20:58

საზღვარი ფსოუზე – ისტორიული გაკვეთილი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით და საზოგადოებრივ კავშირ „გაგრას“ მხარდაჭერით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, ჩატარდა 100 წლის წინ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ აფხაზეთის ავტონომიის შემადგენლობაში გაგრის დაბრუნების აღსანიშნავი ღონისძიება.
შეკრებილი საზოგადოების წინაშე საინტერესო ისტორიული ექსკურით და მოხსენებით აფხაზეთში საუკუნის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ, გაგრის დასაბრუნებლად წარმოებული სამხედრო და პოლიტიკურ-დიპლომატიური პერიპეტიების თაობაზე წარსდგა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე, საზოგადოების წარმომადგენლები.
მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას მოკლედ შეახსენა სოხუმის ოკრუგისა და ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობიდან გაგრის გამოყოფის(1904 წლის 25 დეკემბერი), ხოლო 1917 წლის 7 დეკემბერს ამიერკავკასიის კომისარიატის(მთავრობის) დადგენილებით გაგრის კვლავ დაბრუნების შესახებ. რუსეთის მთავრობა(წითლებიც და თეთრებიც) ამ დადგენილებას არ ცნობდა და მუდმივად ცდილობდა 1918 წლის ზაფხულიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონტროლირებადი სოჭისა და ასევე გაგრის მიტაცებას. მოწინაარმდეგემ, კერძოდ, ე.წ. მოხალისეთა არმიამ გენერალ ნ.დენიკინის სარდლობით, რომელიც ინგლისის სრული მხარდაჭერით სარგებლობდა, დაარღვია იმავე ინგლისელთა შუამავლობით და გარანტიით მიღწეული შეთანხმება და ქართული ჯარებისაგან დაცლილ(ასეთი იყო შეთანხმების პირობა) სოჭში შევიდა. უფრო მეტიც, „მოხალისეებმა“ გააგრძელეს წინსვლა და 1919 წლის 10 თებერვალს მდინარე ბზიფთან გამაგრდნენ.
ქართული მხარის დიპლომატიურმა აქტიურობამ ამჯერად შედეგი ვერ გამოიღო. აფხაზთა მცირე ჯგუფის(ალ.შარვაშიძე და სხვ.) მხარდაჭერით გათამამებული ნ.დენიკინი პოზიციას არ თმობდა. საქართველოს მთავრობამ, რომელსაც მხარს უჭერდა აფხაზეთის სახალხო საბჭო და აფხაზეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, მიიღო გადაწყვეტილება გაგრის გასათავისუფლებლად სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ.
1919 წლის 15 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრე გედევანიშვილმა ულტიმატუმი წაუყენა ნ.დენიკინს. ულტიმატუმი რეაგირების გარეშე დარჩა. მეორე დღეს, 16 აპრილს, დაიწყო გაგრის გათავისუფლების ოპერაცია, რომელსაც სოხუმის მკვიდრი ვალიკო ჯუღელი ხელმძღვანელობდა. ქართულმა შენაერთებმა 17 აპრილს, 13 საათზე გაგრა დაიკავეს და 18 აპრილისთვის მოწინააღმდეგემ მდ.მზიმთას იქით დაიხია.
ოკუპანტებმა სერიოზული დანაკარგი განიცადეს როგორც ცოცხალი ძალის, ისე შეიარაღების თვალსაზრისით: 90 ჯარისკაცამდე დახოცილი, 500-ზე მეტი ტყვე და დიდძალი შეიარაღება. ქართულმა მხარემ 3 ჯარისკაცი დაკარგა, ამდენივე დაიჭრა.
სამხედრო ტაქტიკის თვალსაზრისით ქართულმა ჯარმა ბრწყინვალე ოპერაცია განახორციელა სწორი დაგეგმვით, მდინარე ბზიფის თითქმის უდანაკარგოდ ფორსირებით, მდინარის ზემო წელში ახალი ხიდის აგებით, ფრონტალური და ფლანგური იერიშებით. გაგრის ოპერაცია საინტერესო და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო ტაქტიკის, არამედ თანმიმდევრული, პრინციპული და, შესაბამისად, ეფექტური საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიის თვალსაზრისითაც.
ასი წლის წინ, 1919 წლის შუა რიცხვებში, გაგრის გათავისუფლებამ საბოლოოდ დაადგინა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მდინარე ფსოუზე, რაც უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული მოვლენაა.
როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, გაგრის გათავისუფლება და მდინარე ფსოუზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაფიქსირება საქართველოსა და ავტონომიური აფხაზეთის მთავრობების შეთანხმებული მოქმედებით, აფხაზი ხალხის, აფხაზი მეომრების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ეს არის ისტორიული გაკვეთილი, რომელიც საუკუნის წინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარეობს და რომელიც დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე 1919 წელს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 20, 2019 20:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,479
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics