„თავისუფლების მოედნის“ ლიდერი რევაზ აფხაზავა მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში არ შევიდეს. მისი თქმით, მმართველ გუნდს კანდიდატის სტატუსის მიღების დროსაც ჰქონდა მცდელობა, პროცესი გაეფუჭებინა, თუმცა მაშინ ევროპამ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ნაბიჯი მაინც გადმოდგა.
„სავარაუდოდ, რუსეთთან აქვთ ანგარიშვალდებულება, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომ ევროპის კარი ჩვენთვის გარანტირებულად ჩაიკეტოს. ასეთი ტიპის განცხადებები და შეურაცხყოფა, რომელსაც აყენებენ ევროპელ ლიდერებს, სწორედ ამას ემსახურება.
აბსოლუტურად სასაცილოა დანიაზე ლაპარაკი, მაგრამ მათ დანიაში დემოკრატიის ხარისხი კი არ ადარდებთ, აქ არის ორი ძირითადი ამოცანა: ერთი ის, რომ საკუთარი დანაშაულებიდან აქცენტი გადაიტანონ სხვა საკითხებზე და მეორე — ისე გააღიზიანონ ევროპის ქვეყნები და მათი ლიდერები, რომ გარანტირებულად ყველანაირი ურთიერთობა შეჩერდეს“, — განაცხადა რევაზ აფხაზავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“.
















