საუკუნის ძარცვა: ლენტეხიდან გაუჩინარებული განძი

სოფ. ჩუკულის ეკლესიის მოოქრული ვერცხლის დიდი ხატი

1980-იანი წლების ბოლოს საუკუნის ქურდობა მოხდა ლენტეხის მილიციის შენობაში, საიდანაც დიდი ეროვნული და საეკლესიო სამუზეუმო საგანძური გაქრა: დაახ. 300 ოქრო-ვერცხლის ხატი და ჯვარი. ეს იყო მთელი ქვემო სვანეთის (ანუ ლენტეხის რაიონის სოფლების) ეკლესიებიდან მოგროვილი საგანძური სვანეთის ისტორიის შემსწავლელი კომპლექსური სახელმწიფო სამეცნიერო კომისიის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფ. შოთა ჩართოლანი. ამ მასშტაბის სამუზეუმო საგანძურის ძარცვა საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს (ლუკას კრანახის ნახატის გარდა) და რაოდენ საოცარია, რომ საქართველოში საყოველთაო სიჩუმეა ამ ამბავზე, არადა წესით ეს არა მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოთა ერთერთი მთავარი თემა უნდა ყოფილიყო მთელი 30 წლის მანძილზე, არამედ მედიისთვის და საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვისაც დიდად საინტერესო და მნიშვნელვანი საკითხი უნდა ყოფილიყო.

 

სოფ. ჩუკულის ეკლესიის მოოქრული ვერცხლის დიდი ხატი

ამ საყოველთაო დუმილში, მახსოვს მხოლოდ 2000-იან წლების დასაწყისში კვირის პალიტრის ერთერთ ნომერში სტატია ამ უდიდეს ეროვნულ დანაკარგზე, საიდანაც პირველად გავიგე ეს საშინელი ამბავი (სტატიის მიხედვით ამ ძარცვის უკან კრემლის მაღალჩინოსნები იდგნენ და რუსეთში გავიდა ეს საგანძური) და ახლახანს ვნახე სპარტაკ ფარჯიანის დოკუმენტური ფილმი სვანეთზე (https://m.youtube.com/watch?v=dvhk7M0lZDc), რომლის მე-18 წუთიდანაც ლენტეხის მუზეუმის თანამშრომელი ქალბატონი მოკლედ ყვება ამ დიდი საიდუმლოებით მოცული, გამოუძიებელი კრიმინალურ ფაქტზე და ამბობს, დღემდე დაკარგულია და ვეძებთო.

შემდეგ, მე-20 წუთიდან საუბრობს აწ გარდაცვლილი ელენე კავლელაშვილი (საქართველოს ხელოვნების მუზეუმის მთავარი მცველი): ლენტეხის მილიციის შენობიდან ნაქურდალი ამ საგანურიდან ორი ხატი (სოფ. ღობის ეკლესიის ყოფილი საკუთრება) 1994 წელს მუზეუმში მოიტანეს შესაფასებლად, ადმინისტრაციამ ამოცნო მათი წარმომავლობა და პოლიციამ მუზეუმს დაუტოვა საკუთრებაში ეს ორი ხატიო, ხოლო დანარჩენი ნაძარცვი საგანძურიც იპოვეს და საქართველოდან მათი გატანა აღკვეთაო. მაგრამ აღარ აკონკრეტებს სად წაიღეს, ფაქტია ხელოვნების მუზეუმს არ გადასცემია, არც ლენტეხის მუზეუმს, არც ლენტეხის იმ ეკლესიებს, საიდანაც წამოიღო სვანეთის კომპლექსურმა სამეცნიერო კომისიამ, თორემ ლენტეხის მუზეუმის თანამშრომლებს ეს ეცოდინებოდათ.

ჩუკულის ღვთისმშობლის ვერცხლის კარედი ხატი

ეს კიდევ ერთი გასაოცარი ფაქტია, თუ რა დაუდევრები და უგულისხმონი ვართ ქართველები ეროვნული საუნჯის და ისტორიის მიმართ. ჩვენს თანამედროვე ეპოქაში მოხდა ეროვნული საგანძურის ასეთი გრანდიოზული მასშტაბის ძარცვა და პრაქტიკულად საყოველთაო სიჩუმეა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. მოვუწოდებ მედიას დაინტერესდეს ამ საშინელი და წარმოუდგენელი ფაქტის დეტალებით და საგამოძიებო პროცესით-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშიბექა ოდიშარია: „მინდა გაჟღერდეს, რომ ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვნად ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა“
შემდეგი სტატია“გვსურს, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული, როგორც ის ხალხმა აირჩია”