საუდის არაბეთის სამეფო თბილისში საელჩოს გახსნის

საუდის არაბეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას მიერ საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ დასკვნით შეხვედრაზე, მიიღეს გადაწყვეტილება თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს საელჩოს გახსნის თაობაზე. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების სურვილიდან გამომდინარე, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2018 წლის მაისში აპირებს სამეფოს საელჩოს გახსნას საქართველოში, დედაქალაქ თბილისში“, – აღნიშნულია საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ნოტაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გააქტიურებას. ამ მიზნით, 2015 წლის იანვარში, საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ, სამხედრო, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში. საქართველო და საუდის არაბეთი აქტიურად თანამშრომლობენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდროა პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა.

„მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის თვალსაზრისით, საუდის არაბეთი იყო პირველი არაბული ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა გაერო-ში ჩვენს IDP რეზოლუციას.

სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ პირდაპირი საუდური ინვესტიციების ოდენობამ საქართველოში გადააჭარბა 100 მილიონ აშშ დოლარს ( რა პერიოდში და როდინდელი მონაცემით?). ასევე პოზიტიური დინამიკა ტურიზმის მიმართულებითაც, მხოლოდ 2017 წელს საქართველოს ეწვია 60 ათასამდე საუდის არაბეთის მოქალაქე, რასაც ხელს კიდევ უფრო შეუწყობს ქართულ ბაზარზე საუდის არაბეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Flynas-შემოსვლა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყებს თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას საუდის არაბეთის უმსხვილესი ქალაქებიდან, რიადიდან, ჯედადან და დამამიდან“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის მეტროპოლიტენში შესაძლოა მასშტაბური გაფიცვა დაიწყოს
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა