ავტოიმპორტიორთა ასოციაციამ ირაკლი კობახიძის მთავრობას მიმართა. განცხადება უკვე შეტანილია მთავრობის კანცელარიაში და მას ხელმოწერებიც ახლავს.
ავტოიმპორტიორები რეგულაციების ცვლილებას ითხოვენ – მათი მოთხოვნით, კობახიძის ინიციატივით ხუთჯერ გაზრდილი ტარიფი უნდა გავრცელდეს არა 6, არამედ 10 წელზე ძველ ავტომობილებზე.
ასოციაციის განცხადებით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რისკის ქვეშ დადგება მთლიანად სექტორი.
“პეტიციის სახით ხელმოწერები შევაგროვეთ და დღეს შეგვაქვს სახელმწიფო კაცენლარიაში და მოთხოვნები არის ის, რომ საერთოდ გვინდა აიკრძალოს და დავუბრუნდეთ ძველ ტარიფებს, მაგრამ ამოვდივართ რა შექმნილი სიტუაციიდან და ვთავაზობთ, რომ 6 წელი გაიზარდოს 10 წლამდე, იყოს ლარნახევარი და 10 წელზე მეტი ავტომობილები იყოს 4.5 ლარი.
დასაქმება შემცირდება მნიშვნელოვნად. ამ ლოგისტიკური კომპანიებისა და დილერების უკან, დილერების სამუშაო ადგილებზეა საუბარი, ამ ოჯახების შემოსავალზე საუბარია, მოსახლეობის მყიდველუნარიანობაზეა საუბარი. ეს ყველაფერი ეკონომიკაში ერთმანეთთანაა დაკავშირებული. პლიუს სატრანსპორტო ხარჯებს თუ ვაძვირებთ და გაძირდება, იმიტომ, რომ ძველიც და ახალი ავტომობილებიც გაძირდება, ეს გამოიწვევს სატრანსორტო ხარჯევბის გაძვირებას, ეს კი ყველაფერზე ფასების მატებას გამოიწვევს”, – ამბობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენელი.
ახალი რეგულაციებით, საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოყვანა აღარ იკრძალება, თუმცა მნიშვნელოვნად იზრდება მათი განბაჟების გადასახადი. ტარიფი განისაზღვრება 4.5 ლარით თითო კუბურ სანტიმეტრზე, რის შედეგადაც განბაჟების ღირებულება ხშირად თავად ავტომობილის ფასსაც კი აჭარბებს.
მაგალითად, 1.5 ლიტრიანი ძრავის შემთხვევაში გადასახადი 6 750 ლარს შეადგენს, 2.0 ლიტრიანზე — 9 000 ლარს, ხოლო 3.0 ლიტრიანზე — 13 500 ლარს.
ავტოიმპორტიორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად აკრძალვის მოხსნისა, გაზრდილი ტარიფები ფაქტობრივად იგივე შედეგს იწვევს — ძველი ავტომობილები მოქალაქეებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება.













