სათანადო პროტესტი რომ ყოფილიყო, არც უგულავა წავიდოდა ციხეში და არც ნიკა მელიას შეუწყდებოდა დეპუტატის უფლებამოსილება

გიგი უგულავასთვის გამოტანილმა განაჩენმა ოპოზიციას ვარდისფერი სათვალე მოხსნა და არსებული რეალობა ნათლად დაანახა. ამ რეალობაში კი ისინი გამოსავალს აქციებში და მწვავე პროტესტში ხედავდნენ. არადა მანამდე მოლაპარაკებებს უჭერდნენ მხარს და ამ მოლაპარაკებების გამო კაი დიდი შესვენება გამოაცხვეს და ორი თვით ხელისუფლებას ამოსუნთქვის საშუალება მისცეს.

ოპოზიციურმა ერთობამ 10 თებერვალს განაცხადა, რომ ისინი ხელისუფლებასთან ყველანაირ მოლაპარაკებებს წყვეტენ და დაუმორჩილებლობაზე გადადიან. ანუ მათ თავიდან მოუწევთ საპროტესტო ტალღის აგორება, რომელიც თავადვე გაანელეს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მათი მწვავე პროტესტი ახლა ნამდვილად გამოიღებს შედეგს.

არადა მათ შედეგის მიღწევა ზაფხულშივე შეეძლოთ, მაგრამ მაშინაც ნაადრევად იზეიმეს გამარჯვება. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პროპორციული არჩევნების ჩატარების თემა გადმოაგდო, ოპოზიცია იმდენად შევიდა ეშხში რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერაც გაატარა და გიორგი გახარიას პრემიერობაც. არადა ამ უკანასკნელის შს მინისტრობიდან გადადგომას ახალგაზრდები მთელი სამი თვის მანძილზე ითხოვდნენ. მთავრობის მეთაურად მის დანიშვნას ოპოზიცია მშვიდად შეხვდა.

მშვიდად შეხვდა ოპოზიცია ოქრუაშვილის დაკავებასაც. არადა მაშინ რომ გაემწვავებინათ პროტესტი, არც ნიკა მელიას შეუწყვეტდნენ დეპუტატის იმუნიტეტს და არც უგულავას გაუშვებდნენ ციხეში. ოპოზიციას სათანადო პროტესტი რომ გამოეხატა, არც გახარიას გაპრემიერებას გარისკავდა ივანიშვილი და არც დიმიტრი ხუნდაძის ამბოხის მომსწრენი გავხდებოდით. რომლის გამოც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ჩაიშალა. ოფიციალურად ასეა, თორემ ხუნდაძე და მისი საძმო ივანიშვილის ნების წინააღმდეგ ნაბიჯსაც რომ ვერ გადადგამენ ამას ყველა კარგად ხვდება.

დასავლეთის მიერ ხელისუფლების მწვავე კრიტიკამ ოპოზიცია ვარდისფერ საბურველში გაახვია. ისინი ფაქტიურად გამარჯვებულად თვლიდნენ თავს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზეც კი დაჯდნენ. ოპოზიციის ნაწილი მზად იყო დათანხმებოდა არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას. ზოგიერთი ლიდერის თქმით, ისინი არჩევნებს ნებისმიერი სისტემით მოუგებდნენ „ქართულ ოცნებას“.

აღსანიშნავია რომ ოპოზიცია არც მაშინ გამოფხიზლებულა, როცა გიგი უგულავას მსოფლიო ჩემპიონის ცემა დააბრალეს და ამის გამო პასპორტი ჩამოართვეს. არც ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებულ ჯგუფურ თავდასხმაზე ყოფილა ადეკვატური რეაქცია ოპოზიციის მხრიდან. ისინი ნაცემი ხაბეიშვილისთის ძალადობის მუხლით ბრალის წარდგენასაც მშვიდად შეხვდნენ.

გიგი უგულავას დაჭერამ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა და გამოაფხიზლა. ისინი მოლაპარაკებებზე უარს ამბობენ და როგორც თავად თქვეს, დაუმორჩილებლობაზე გადავიდნენ. დაუმორჩილებლობის იდეა იმათაც მოიწონეს, როლებიც რამდენიმე თვის წინ „ოცნების“ ჩინოსნებს ხელშეუხებლობის გარანტიებს ჰპირდებოდნენ. ბედის ირონიით, ამ პირობას გიგი უგულავას პარტია „ევროპული საქართველო“ იძლეოდა.

რამდენი ხანი ეყოფა ცივი შხაპი ოპოზიციას ვერ გეტყვით. რადგანაც ვიღაცებს სული მაინც წასძლევს მოლაპარაკებებზე. როგორც ეს ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა. დამალული არაა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ევაჭრებოდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ გამოეშვა პატიმრობიდან. ძალიან ბევრი ოქრუაშვილში თავის კონკურენტს ხედავდა. ის მათ მართლაც გაუწევდა კონკურენციას, მაგრამ მის გამო სათანადო პროტესტი რომ ყოფილიყო, არც უგულავა წავიდოდა ციხეში და არც ნიკა მელიას შეუწყდებოდა დეპუტატის უფლებამოსილება. ვერც კალაძე გაბედავდა თავისი კუნთმაგარი ბიჭებისთვის ლევან ხაბეიშვილის ცემა დაევალებინა.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადდა
შემდეგი სტატიაირაკლი ხმალაძე: მოვიპოვებთ სამართლებრივ მექანიზმს, რომ თბილისის ქუჩებში მიტოვებული ავტომანქანები სპეციალურ სადგომზე გადავიყვანოთ