14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება

სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის ჯარიმების გაზრდა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარით განისაზღვრება; სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება; აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება; აზარტული ან მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარით განისაზღვრება.

„ამჟამად მოქმედი ჯარიმების ოდენობა ვერ ასრულებს რეალურ შემაკავებელ ფუნქციას, ვერ უზრუნველყოფს რისკების ეფექტიან პრევენციას და შესაბამისად, ნებართვის მფლობელებისთვის (ორგანიზატორებისთვის) ხშირ შემთხვევაში უფრო ეკონომიკურად მიზანშეწონილია სანებართვო პირობების დარღვევა და შემდგომ ჯარიმის გადახდა, ვიდრე დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია სათამაშო ბიზნესის სფეროში რეგულაციების აღსრულების გამკაცრება და სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაზრდა. ამასთანავე, ცვლილება მიმართულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებისკენ“, – ნათქვამია პროექტში, რომელიც მთავრობამ მოამზადა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია: ახვლედიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიატრამპის განცხადებით, იტალიელ კოლეგას, ჯორჯია მელონის „სიმამაცე აკლია“