სასულიერო პირთა ნაწილი ხელისუფლებას მიმართავს

სასულიერო პირთა ნაწილი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვას მოითხოვს. მათი აზრით ცვლილებები, რომელიც კანონპროექტის მიხედვით უნდა განხორციელდეს, ქმნის ოჯახებზე ზემოქმედებისა და იძულების მძლავრ იარაღსა და მექანიზმებს,
სასულიერო პირების აზრით, ისეთი კანონის მიღება, რომელიც შეეხება ოჯახებს, ანუ საზოგადოების უდიდეს ნაწილს, არ უნდა ხდებოდეს საზოგადების გვერდის ავლით, არასაჯაროდ, ნახევრად დაფარულად და ნაჩქარევად.

წერილს, რომლითაც სასულიერო პირები ქვეყნის ხელისუფლების წევრებს მიმართავენ „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქ-ნ თ. წულუკიანს

შენიშვნები საქართველოს კანონის მიმართ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა დ ადახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

საქართველოს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (შემდგომში კანონპროექტი) მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს საზოგადოებაში.

წარმოდგენილი კანოპროექტის მიხედვით „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს მოქმედ კანონში შემოდის ცვლილებები, კერძოდ: შემოდის ე.წ. სოციალურ მუშაკთა ინსტიტუტი, რომელიც დიდი უფლებებით იქნება აღჭურვილი. კერძოდ, სოცმუშაკს ენიჭება უფლება, რომ მხოლოდ საკუთარი შეხედულებით, სასამართლოს გვერდის ავლით, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახიდან ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება აღსასრულებლად სავალდებულო ხდება პოლიციისათვის. აი, ამონარიდები კანონპროექტიდან:

„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)… შემთხვევებში სოციალური მუშაკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, არასრულწლოვანი განცალკევდება მშობლისაგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან… გადაწყვეტილების მიღებისას სოციალური მუშაკი ახდენს ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, მსხვერპლის გამოკითხვას, შემთხვევის შეფასებას და…იღებს გადაწყვეტილებას განცალკევების შესახებ…სოციალური მუშაკი განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მიმართავს პოლიციას, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას“ (კანონპროექტი, 4. მე-14 მუხლის ახალი რედაქცია). „სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პოლიცია იღებს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გადაწვეტილებებს“ (კანონპროექტი, 6, გბ, მე-6 პუნქტი).

ამგვარად, ის რაც არის გამოძიების ფუნქცია: ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაცია, მსხვერპლის გამოკითხვა, შემთხვევის შეფასება, ამას სოცმუშაკი მარტოდმარტო აკეთებს და ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას ისეთი ტრაგიზმით აღსავსე აქტის შესახებ, როგორიცაა ბავშვის გაყვანა ოჯახიდან. ასეთი უფლებები და სუბიექტივიზმი, რომელიც ნებისმიერ ინდივიდს ახასიათებს, ერთმანეთთან ყოვლად შეუსაბამო და დაუბალანსებელია, შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია ისეთი უაღრესად ფაქიზი სფეროსათვის, როგორიცაა ოჯახი, მშობლებისა და შვილების ურთიერობა. კანონპროექტში არ ჩანს საოცმუშაკის პასუხისმგებლობის საკითხი უნებლიე თუ მიზანმიმართული ტენდენციურობის გამოვლენის შემთხვევაში, როგორია სასჯელის უფლებების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, არც რაიმე მითითებაა ამასთან დაკავშირებით. ასევე არ არის აღწერილი, თუ როგორია სოცმუშაკის მიმართ უნდობლობის გამოცხადებისა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები და პროცედურები, და ა.შ.

ოჯახიდან გაყვანილი ბავშის დაკითხვაზე ძალადობაში ეჭმიტანილი პირის დასწრების აკრძალვა შეიძლება გავრცელდეს ოჯახის სხვა წევრებსა თუ კანონიერ წარმომადგენლებზე მხოლოდ სოცმუშაკის ეჭვის საფუძველზე, ასევე ყოველგვარი ძიებისა და მტკიცებულებების გარეშე (კპ, 7, 17-ე მუხლის მე-3 პუნქტი). ანუ, ფაქტობრივად, ბავშვი შეიძლება მარტოც დაიკითხოს. სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთი დაკითხვისას სოცმუშაკს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ოჯახიდან ბავშის გაყვანასთან დაკავშირებით, გაუჭირდება, რომ იყოს ნეიტრალური და ობიექტური, და შეიძლება შეეცადოს ბავშვისაგან ისეთი ჩვენების მიღებას, რომელიც გაამართლებს ოჯახიდან ბავშვის გაყვანის მისეულ გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, კანონპროექტში აღწერილი უფლებებით აღჭურვილი სოცმუშაკის არსებობის შემთხვევაში მოქმედ კანონში მოცემული ტერმინები კარგავენ თავის სიცხადესა და მდგრადობას, განსაკუთრებით ტერმინები, რომლებიც აღწერენ ძალადობას, რადგან ჩნდება სუბიექტური ინტერპრეტაციის შესაძლებლობა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით უწყებათაშორისი სააგენტოს წევრი სოცმუშაკი არ არის ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლებით აღჭურვილი. კანონპროექტში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ გახდა აუცილებელი ახალი სამსახურისა და ახალი პერსონის შემოყვანა ამ მეტად სენსიტივურ სივრცეში. თუ მიზანი ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ოპერატიული, სწრაფი რეაგირების მექანიზმების შექმნაა, მაშინ დღეს მოქმედი კანონდებლობით, როგორც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ “ბრძანებულებით (ბრძანება N 152/ნ – N496 – N45/ნ 2010 წლის 31 მაისიქ. თბილისი) ასეთი მექანიზმები სავსებით საკმარისია.

ცინიზმის მატარებელია კანონპროეტის შემდეგი ნორმა: „ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სოციალური მუშაკის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით“ (კანონპროექტი, 4, მუხლი 14, 6-ე პუნქტი). ანუ მკვიდრდება პრინციპი: „მე ოჯახიდან წავიყვან ბავშვს, თუ მინდა მარტოსაც დავკითხავ, და შენ მერე თუ გინდა მიჩივლე“. ამასთან, კანონპროექტი სასამართლოში ჩივილისა და სამართალწარმოების ტვირთს ოჯახს კიდებს, მაშინ როდესაც მოქმედი კანონმდებლობით ამ ტვირთს სახელმწიფო ეწევა. და ეს იმ ფონზე, როდესაც სოცმუშაკის პასუხიმგებლობაზე ერთი სიტყვაც არ არის დაძრული. რომც იყოს პასუხისმგებლობის საკითხი აღნიშნული და მკაცრი სასჯელიც დაწესებული, ეს მაინც ვერ აანაზღაურებს იმ ტრაგედიას, სტრესებს, ფსიქოლოგიურ ტრამვებსა და ნერვების წყვეტას, რასაც სოცმუშაკის გაუმართლებელი გადაწყვეტილება გამოიწვევს. რა სახითაც არ უნდა იყოს კანონი მიღებული, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო ხარჯები სახელმწიფომ უნდა გაიღოს.

კანონპროექტში არ არის არანაირი გათვლა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი სოცმუშაკი იქნება საჭირო საზოგადოდ, რა სამსახური იქმნება, რა ერქმევა, როგორი იქნება უწყებრივი მიმართება, დაქვემდებარება, როგორი იქნება შერჩევის კრიტერიუმები (მხოლოდ ზოგადი ფრაზაა ამასთან დაკავშირებით), ვინ შეარჩევს მათ და რა პროცედურებით, რა ვადით, როგორ იქნება უზრუნველყოფილი სოცმუშაკისადმი საზოგადოების ნდობა, ასევე როგორია სოცმუშაკისადმი უნდობლობის გამოცხადებისა და აღსრულების მექანიზმები.

მეტად საეჭვოა იმის მტკიცება, რომ ასეთი ინსტიტუტის შექმნა და ფუნქციონირება, რაც აუცილებლად გამოიწვევს მთელი სისტემის შექმნას, მსგავსად დასავლეთის ქვეყნებში მოქმედი იუვენალური იუსტიციის უზარმაზარი სისტემისა, არ საჭიროებს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს. კანონპროექტში მხოლოდ დაუსაბუთებელი მტკიცებაა ამ საკითხთან დაკავშირებით და არანაირი გათვლები.

ზემოთქმულს იმასაც დავამატებთ, რომ სოცმუშაკთა ინსტიტუტის შექმნა იმ უფლებებით, როგორც ეს კანონპროექტშია მოცემული, კიდევ იმიტომ არის კატეგორიულად დაუშვებელი, რომ ამით იქმნება ოჯახებზე ზემოქმედების მეტად მძლავრი იარაღი. ეს კი გარკვეულ სამსახურებსა და თავად ხელისუფლებას შეუქმნის საცდურს, რათა გამოიყენოს ეს იარაღი სხვა მიზნებისათვის. კანონი არ უნდა იძლეოდეს ისეთ უფლებებს, რომელთა პირობებშიც მხოლოდ პიროვნებისა თუ პიროვნებების კეთილსინდისიერებაზე იქნება დამოკიდებული, გამოიყენებს ამ უფლებებს ოჯახების დაშანტაჟებისა და კონტროლისათვის თუ არა.

ჩვენ, სასულიერო პირები, დარწმუნებულნიც რომ ვიყოთ იმაში, რომ სოცმუშაკები მთლინად მართლმადიდებლებით დაკომპლექტდება, რომელთად მცნებად არა მხოლოდ მოყვასის, არამედ მტრის სიყვარული და კეთილისმყოფელობაც აქვთ, მაინც მიუღებლად მივიჩნევდით ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე პირისა და ინსტიტუტის შემოღებას, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ასეთი უფლება აჩენს ტენდენციური გადაწყვეტილების მიღების ცდუნებას განსხვავებულის მიმართ. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში ტენდენციურობის სამიზნე სწორედ უმრავლესობა გახდეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ კანონპროექტით განსაზღვრული სოცმუშაკთა ინსტიტუტის დაფუძნება მკვეთრად მიუღებელი და დაუშვებელია, რადგან მისი შექმისა და ამოქმედების შემთხვევაში, ვშიშობთ, რომ იგი გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას საზოგადოებაში, მის დაპირისპირებას როგორც სოცმუშაკებთან, ისე ხელისუფლებასთან, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ მშვიდობას, მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და სახეწლმწიფოს სტაბილურ განვითარებას.

არ შეგვიძლია არ გამოვთქვათ ჩვენი უკმაყოფილება კანონის მიღების პროცედურასთან დაკავშირებით. კანონი, რომელიც შეეხება ოჯახებს, ანუ, ფაქტობრივად, მოიცავს საზოგადოების უდიდეს ნაწილს, არ უნდა იქნას მიღებული ფართო, საზოგადოებრივი განხილვის გარეშე. თუ ამას დავამატებთ იმას, რომ ოჯახების უმრავლესობა მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსოს წარმოადგენს, მისი მიღება ეკლესიის აზრის გაუთვალისწინებლად, ყოვლად დაუშვებელია, რადგან წარმოადგენს უპატივცემლობას ეკლესიის მიმართ, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის იგნორირებას, ვინაიდან ეკლესია, სახელმწიფოსთან, ხელისუფლებასთან ერთად წარმოადგენს თანაბარუფლებიან სუბიექტს, რომლის აზრის გარეშეც არ უნდა ხდებოდეს რაიმე მნიშვნელოვანი კანონის მიღება, მითუმეტეს კანონისა, რომლის მოქმედების არეალის უდიდეს ნაწილს სწორედ ეკლესიის სამწყსო შეადგენს.

კიდევ უფრო გაუგებარი და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ეკლესიის იგნორირების ფონზე კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა ისეთი რელიგიურად მოტივირებული ორგანიზაცია, როგორიც „კარიტასია“, ასევე „ვორდვიჟენი“, რომლის იდეოლოგია, ისევე როგორც პროცესში ჩართული ზოგიერთი სხვა ორგანიზაციისა, პირდაპირ რომ ვთქვათ, არ არის კეთილად განწყობილი ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა დარელიგიური შეხედულებების მიმართ. გასაკვირია, რომ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოში მათთვის მოინახა ადგილი, ხოლო ეკლესიის წარმომადგენლისთვის – არა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკლესიის ზრუნვა თავის მოქალაქეებსა და ოჯახებზე გაცილებით უფრო დიდი და მასშტაბურია, ვიდრე სხვა ორგანიზაციებისა ერთად აღებული.

დასასრულ, თავს უფლებას მივცემთ და გამოვთქვამთ ჩვენს მოსაზრებებსა და სურვილებს მოქმედ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ასევე შეიცავს მრავალ ხარვეზს.

ა) ოჯახიდან ბავშვის გაყვანის მექანიზმები და პროცედურები კიდევ უფრო დასახვეწია იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს შეცდომები, სუბიექტივიზმი და ტენდენციურობა. მოქმედი სააგენტოც არ არის დაზღვეული ამისაგან;

ბ) პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ის ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ოჯახიდან გაყვანილი ბავშვის არსებობისათვისა და განვითარებისათვის ხარჯავს, რამდენჯერმე აღემატება იმ ხარჯებს, რომლის უქონლობაც ხდება ხოლმე ხანდახან ხელმოკლე ოჯახიდან ბავშის გაყვანის საფუძველი. ამიტომ სხვა მექანიზმებიცაა მოსაძებნი.

გ) ოჯახში დაძაბულობის მატება პირდაპირ უკავშირდება მძიმე სოციალურ ფონს ქვეყანაში. ამიტომ ოჯახში არსებულ დაძაბულობაზე პასუხისმგებლობის გარკვეული წილი ხელისუფლებაზეც მოდის, როგორც ქვეყანაში არსებულ სოციალურ ვითარებაზე პასუხისმგებელზე. ამიტომ იგი სწორედ ამ პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებს, და არა ისე გულცივად, როგორც ეს მოქმედ კანონდებლობაშია და არა ისე ხისტად, როგორც ეს კანონპროექტით არის გათვალისწინებული.

დ) მოქმედ კანონში კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს და გაძლიერდეს მექანიზმები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ მოზარდის ოჯახში დარჩენასა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხოლო გაშვილების შემთხვევაში – მაქსიმალურად უზრუნველყოფდეს მის დარჩენას ოჯახის არამოძალადე წევრებთან, მზრუნველობის მოსურნე ნათესავებსა და ახლობლებთან, რადგან ასეთ შემთხვევაში ბავშისადმი სითბო და სიყვარული უფრო მეტად იქნება უზრუნველყოფილი, ვიდრე უცხო პირზე გაშვილების დროს. ასევე ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მცირეა იმის შესაძლებლობა, რომ შვილად აყვანა მოხდეს მატერიალური დაინტერესების გამო.

ე) არაახლობელ პირებზე გაშვილების შემთხვევაში უფრო მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული ოჯახის წევრების, ნათესავებისა და ახლობლების აზრი და სურვილები.

ვ) უნდა გაძლიერდეს უცხო გარემოსა და ადამიანების გარემოცვაში გაშვილებული ბავშვის მდგომარეობაზე კონტროლის მექანიზმები.

ზ) კარგი იქნება, თუ კანონში იქნება მითითება მოქმედ ნორმაზე ბავშვის ქვეყნის გარეთ გაშვილების აკრძალვასთან დაკავშირებით.

დასასრულს, გვინდა შეგახსენოთ, რომ აღნიშნული კანონის არსებული სახით მიღების შემთხვევაში ყველა შესაძლო ნეგატიურ შედეგზე პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე ეკისრება როგორც კანონის ინიციატორებს, ისე მის მხარდამჭერებს. მორწმუნე ერი არასდროს შეეგუება ოჯახის ინსტიტუტისა და მისი მდგრადობისთვის საფრთხის შემცველ კანონების მიღებასა და მის ცხოვრებაში გატარებას“, _ ნათქვამია მიმართვაში.

ტექსტს ხელს აწერენ:

დეკანოზი დავითი (ისაკაძე) მრევლით

დეკანოზი დიმიტრი (გორგოძე) მრევლით

დეკანოზი დავითი (ქვლივიძე) მრევლით

დეკანოზი თადეოზი (სარალიძე) მრევლით

დეკანოზი ბასილი (იაშაღაშილი) მრევლით

დეკანოზი გიორგი (რაზმაძე) მრევლით

დეკანოზი დავითი (ლასურაშილი) მრევლით

დეკანოზი არჩლი (ქიტუაშვილი) მრევლით

დეკანოზი ზაქარია (მარგალიტაძე) მრევლით

დეკანოზი დავითი (მინდორაშვილი) მრევლით

დეკანოზი ლევანი (კუტივაძე) მრევლით

დეკანოზი გიორგი (ასათიანი) მრევლით

მღვდელი გაბრიელი (ვაშაძე) მრევლით

მღვდელი დავითი (ნოზაძე) მრევლით

მღვდელი ვახტანგი (დავითაშვილი) მრევლით

მღვდელი დავითი (ქალებაშვილი) მრევლით

მღვდელი ნიკოლოზი (ჩხიკვაძე) მრევლით

მღვდელი გურამი (გამცემლიძე) მრევლით

მღვდელი ათანასე (ხაბეიშვილი) მრევლით

მღვდელი ნიკოლოზი (ერაძე) მრევლით

მღვდელი ლევანი (ანთაძე) მრევლით

მღვდელი გიორგი (ლაზარიაშვილი) მრევლით

მღვდელი ირაკლი (ცუცქირიძე) მრევლით

დიაკონი გაბრიელი (აბულაძე)

banner
წინა სტატიაშიჩეჩნეთში მამაკაცს, რომელმაც პუტინს კორუფციის შესახებ შესჩივლა, სახლი დაუწვეს
შემდეგი სტატია“გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურის დაგდება სურს, მნიშვნელოვანია”