სასულიერო პირებმა საბერძნეთიდან საქართველოში გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს

საქართველოში საბერძნეთიდან დრამის მიტროპოლიტ პავლეს ხელმძღვანელობით, 40-კაციანი დელეგაცია იმყოფება. როგორც „თაიმერს“ საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, საბერძნეთიდან ჩამოსულმა სასულიერო პირებმა თან ღირსი მამა გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს. გუშინ დრამის მიტროპოლიტი პავლე თანმხლებ პირებთან ერთად უწმინდესმა საპატრიარქოში მიიღო.

დღეს მიტროპოლიტი პავლე დელეგაციის წევრებთან ერთად გაემგზავრება წალკაში, სადაც საკათედრო ტაძარში ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისს გადაიხდიან. საბერძნეთიდან სტუმრად მყოფი სასულიერო პირები ეპარქიას, ღირსი მამა გიორგის წმინდა ნაწილებს შესწირავენ.
28 აგვისტოს, მარიამობას, სიონის ღვთისმშობლის სახელობის მიძინების საკათედრო ტაძარში სტუმრები საზეიმო წირვას დაესწრებიან და გიორგი კარსლიდისის მეორე წმინდა ნაწილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს გადასცემენ.

საბერძნეთიდან სტუმრად მყოფი სასულიერო პირების ვიზიტი საქართველოში 30 აგვისტოს დასრულდება.

ღირსი მამა გიორგი კარსლიდისი წალკის რაიონ სოფელ ხადიკში (იგივე ტბეთში) 1902 წლის 18 იანვარს დაიბადა და სახელად ათანასე დაარქვეს. იგი პატარაობიდანვე მონასტერში დადიოდა და სულიერ ცხოვრებას მალევე შეუდგა. არქიმანდრიტმა გიორგი წულაიამ დრანდაში (აფხაზეთი) მცირე სქემაში აღკვეცა და მას სვიმეონი ეწოდა. დიდ სქიმაში კი ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ (მარღიშვილმა) აღკვეცა და მას გიორგი დაარქვა. მანვე მღვდლად აკურთხა. მთავარეპისკოპოსი იოანე მამა გიორგის სულიერი მოძღვარი იყო, რომელიც მას განსაკუთრებულად უყვარდა.
მამა გიორგი 30-იან წლებში საბერძნეთში გაემგზავრა და დრამის მუნიციპალიტეტის სოფელ სიფსაში დაემკვიდრა, სადაც ამაღლების მონასტერი ააშენა და გარდაცვალებამდე იქ მსახურობდა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სამშობლოდან მოწყვეტილს თავისი ქვეყნის სიყვარული არასოდეს განელებია. წირვა-ლოცვას მუდამ ქართულად აღავლენდა და ანდერძადაც დაიბარა, საქართველოდან წაღებული შესამოსელით დაესაფლავებინათ და ქართული ჯვარი და სახარება ჩაეყოლებინათ.
„ბედნიერნი ვართ, რომ მისი წმინდა ნაწილები უბრუნდება საქართველოს.
მამა გიორგიმ მოყვასისათვის თავდადებული სიყვარულით იმსახურა და თავისი სამწყსოს მფარველ ანგელოზად იქცა. წინასწარმეტყველების ნიჭით გამორჩეულ მოძღვართან სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდა ხალხი და ღვთისაკენ მიმავალ გზას მისი რჩევით პოულობდა“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

მამა გიორგი 1959 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. 2008 წელს კი იგი წმინდანად შერაცხეს. ხსენების დღედ 4 ნოემბერი დადგინდა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილმა მესტიის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „მწვანე მუშტის“ წევრი დაკითხეს