სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში, სავარაუდოდ, მაღალტოქსიკური ქიმიური ალუმინის ფოსფიდით მოწამვლის გამო, ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
წინასწარი დასკვნებით, მოწამვლის მიზეზი პარაზიტების კონტროლისთვის გამოყენებული ქიმიური ნივთიერება გახდა, რომელიც შეიცავს ალუმინის ფოსფიდს.
ალუმინის ფოსფიდი ფართოდ გამოიყენება ტარაკნებისა და ბაღლინჯოების საწინააღმდეგოდ, მაღალტოქსიკურია და ანტიდოტი არ გააჩნია.
ოჯახი თურქეთში დასასვენებლად ჩავიდა. 6 და 3 წლის ბავშვები 13 ნოემბერს დაიღუპნენ. დედა 14 ნოემბერს გარდაიცვალა, ხოლო მამა 17 ნოემბერს ტაქსიმის სასწავლო-კვლევით საავადმყოფოში, სადაც ის მკურნალობას გადიოდა.
მომხდარზე 13 პირია დაკავებული, მათ შორის სასტუმროს პერსონალი და პარაზიტების კონტროლის კომპანიის თანამშრომლები.
















