სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში წყალტუბოს №2 საჯარო სკოლაც დაიკეტა – მოსწავლეები დროებით ონლაინ რეჟიმში ისწავლიან.
ინფორმაციას “ქუთაისიპოსტი“ ავრცელებს და წერს, რომ წყალტუბოს №2 საჯარო სკოლის შენობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა სწორედ სწავლის დაწყების შემდეგ გახდა ცნობილი.
“არის დასკვნა, სადაც წერია რომ შენობა არარენტაბელურია. ამიტომ რემონტს ჯობია ახალი აშენდეს. რადგანაც ბავშვებს ეხება საქმე, ამიტომ თავის დაზღვევა ორმაგად და სამმაგად მოხდა. ყველაზე მთავარი ბავშვების უსაფრთხოებაა“ – ამბობს “ქუთაისიპოსტთან” საუბარში რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ჩხეტიანის ინფორმაციით, მოსწავლეები 21 სექტემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში ისწავლიან.
ამ პერიოდში ალტერნატიული ფართის მოძიება იგეგმება, რის შემდეგაც გადაწყდება, სად გაგრძელდება სასწავლო პროცესი.წყალტუბოს №2 საჯარო სკოლაში 800 მოსწავლე სწავლობს.
წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა ჩხეტიანი ხვალ პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდება.








