22.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

სასმელი წყლის პრობლემა მარტვილის სოფლებში — მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა დღესაც მწვავედ დგას.

უფრო კონკრეტულად კი, რამდენიმე სოფელში საერთოდ არც არსებობს წყალმომარაგების სისტემა და მოსახლეობა ეზოში არსებულ ჭებზეა დამოკიდებული, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებში ისე შრება, რომ სასმელი წყალიც აღარ რჩება. ამის გამო ამ სოფლებში ცხოვრება ხშირად გაუსაძლისი ხდება.

ადგილობრივ მოსახლეობას, ბუნებრივია, წყალი მხოლოდ დასალევად კი არა, ყოველდღიური საჭიროებებისთვისაც სჭირდებათ. ზაფხულში, როდესაც ჭაში წყლის დონე იკლებს, ან სრულიად შრება, ე.წ. წყლის სატუმბი მოწყობილობა ვეღარ ავსებს რეზერვუარს. შედეგად, მოსახლეობას არ გააჩნია, არც დასალევი და არც საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის საჭირო წყალი.

სოფელ ლეხაინდრავოს მცხოვრებლებმა “თაიმერთან” საუბარში განაცხადეს, რომ სოფელში მხოლოდ რამდენიმე ოჯახს აქვს ჭა, რომელშიც წყალი არ შრება. მეზობლებს სწორედ ამ ოჯახებიდან მიაქვთ წყალი, ხშირად ვედროებით ხელში რამდენიმე კილომეტრის გავლაც კი უწევთ ფეხით.

როგორც მოგეხსენებათ, მარტვილის მუნიციპალიტეტი წყლის რესურსების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის და სწორედ ამ მუნიციპალიტეტში აქვს სათავე რამდენიმე მდინარეს, თუმცა, აღნიშნული პრობლემა მაინც დგას და მისი მოგვარება ჭიანურდება.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ პრობლემები არსებობს არა მხოლოდ იმ სოფლებში, სადაც წყალმომარაგების სისტემა საერთოდ არ არსებობს. ქალაქის ზოგიერთ უბანსა და სოფლებშიც კი, სადაც აქვთ წყალი, შეფერხებით მიეწოდებათ. მათთან დღეების განმავლობაში წყალი არ მოდის.

მოგეხსენებათ, წყალი ერთ-ერთია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს შორის. ოცდამეერთე საუკუნეში კი, მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა, მარტვილის რამდენიმე სოფელში ადამიანებს წყალი არ აქვთ.

“თაიმერი” დაუკავშირდა მარტვილის მერის პირველ მოადგილეს, ალექსანდრე ხურცილავას. მან განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებული არიან და მის მოგვარებაზე მუშაობენ. მისი თქმით, რამდენიმე სოფელში უკვე ჩასული იყო შესაბამისი ჯგუფი, რომელმაც ჩაატარა კვლევები ჭაბურღილების მოსაწყობად იმ ტერიტორიებზე, სადაც წყლის სისტემა არ არის. მერის მოადგილის თქმით, ამ პროცესს დიდი ძალისხმევა სჭირდება, თუმცა, ყველანაირად ეცდებიან, რომ პრობლემა უმოკლეს ვადებში მოგვარდეს.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიძალადობრივი ქმედება ჯანმრთელობის ხელყოფისკენ იყო მიმართული – მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი
შემდეგი სტატიააქტივისტ ქეთი დაუდაშვილს ორდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს