სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, Hilfswerk Austria International-ს, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობასა“ და ა(ა)იპ მეწარმე ქალთა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ხელი მოეწერა პროექტს „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ.“ ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.
პროექტი შიდა ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში, პროფესიული სწავლების, ფსიქო-სოციალური სერვისის მიწოდების, დასაქმების პროცესში მხარადჭერისა და მცირე გრანტების გაცემის გზით, სრულწლოვანი პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაციას ითვალისწინებს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები არიან მის განხორციელებაში.
„მემორანდუმის თანახმად, რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია არა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებიც გათავისუფლდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც. მსგავსი პროექტები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის წინგადადგმული ნაბიჯია და ამ კუთხით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება,“ – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
HAI-ის კავკასიის რეგიონში პროექტის მენეჯერის ნიკოლ მარია ბაუერის განცხადებით, მსგავსი პროექტები მიმართულია მსჯავრდებულთა საზოგადოებაში სწრაფი რეინტეგრაციისაკენ.
„მემორანდუმით ვაღრმავებთ თანამშრომლობას სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს შორის. სამინისტრო პრობაციონერებსა და მსჯავრდებულებს საკმაოდ კარგ სერვისებს სთავაზობს, ჩვენი მხრივ, არასამთავრობოების ჩართულობის მიზანს უკვე არსებული პროექტების სრულყოფა წარმოადგენს,“ – აღნიშნა ნიკოლ მარია ბაუერმა.
პროექტი Hilfswerk Austria International-ს, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“, ა(ა)იპ მეწარმე ქალთა ფონდის, საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიას“ და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ევროკავშირისა და HAI-ის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია და 2020 წლის იანვარში დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიაშავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა