26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

საშიში სათამაშოები და დამტენები — ევროკომისიამ Temu 200 მილიონით დააჯარიმა

ევროკომისიამ ონლაინ გამოწერების პოპულარული ჩინური პლატფორმა Temu, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც, 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ბრიუსელი კომპანიას „ციფრული მომსახურების შესახებ აქტის“ (DSA) უხეშ დარღვევას ედავება და აცხადებს, რომ პლატფორმაზე განთავსებული უკანონო და საშიში პროდუქტები მომხმარებლებს პირდაპირ საფრთხეს უქმნის.

ევროკომისიის მიერ ჩატარებული „ფარული მყიდველის“ ტესტირების შედეგად შოკისმომგვრელი დარღვევები გამოვლინდა. შემოწმებულმა ტექნიკამ და ბავშვის ნივთებმა საბაზისო უსაფრთხოების სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა:

„დამტენი მოწყობილობების დიდმა ნაწილმა ვერ გაიარა უსაფრთხოების ტესტები, ხოლო საბავშვო სათამაშოების დიდ ნაწილში საშუალო ან მაღალი სიმძიმის საფრთხეები გამოვლინდა. ისინი შეიცავდნენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც კანონით დადგენილ უსაფრთხოების ზღვარს საგრძნობლად აჭარბებდა, ან ქმნიდნენ დახრჩობის საფრთხეს მოსახსნელი დეტალების გამო“, — აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ Temu-ს სპეციალურმა სარეკომენდაციო სისტემებმა და ინფლუენსერების პროგრამებმა ხელი შეუწყო უხარისხო და კანონსაწინააღმდეგო ნივთების მასობრივ გავრცელებას.

ჩინურ გიგანტს 2026 წლის 28 აგვისტომდე აქვს ვადა, რათა კომისიას დარღვევების გამოსწორების კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარუდგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პლატფორმას დამატებითი პერიოდული საჯარიმო სანქციები დაეკისრება.

banner
წინა სტატიაშიგიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაშავ ზღვაში სამ ტანკერზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა