გიორგი გახარიას ადვოკატი საოკუპაციო რეჟიმის პროპაგანდისტული მედიის სტატიის “ჩორჩანას საქმეზე” დართვას საშიშ პრეცედენტს უწოდებს. ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ აღნიშნული მტკიცებულების ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ გამოყენება უპრეცედენტოდ ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებაა.
“დიახ გამოყენებულია ბრალდების მხარის მიერ გიორგი გახარიას მიმართ ფაქტობრივად საოკუპაციო რეჟიმის გაცხადებული პოზიცია. სწორედ ამ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას ვითხოვდით იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის საშიში პრეცედენტი და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ეს სტატია. აქ საუბარია ასევე, თითქოს სამხრეთ ოსეთ საქართველოს საზღვარზე განლაგდნენ ე.წ. მესაზღვრეები საოკუპაციო რეჟიმის. თითქოს ეს არის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიის და თითქოს ჩვენი საგუშაგო განთავსებულია სახრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე. აი ამ მტკიცებულებების, ნარატივების საკუთარი ყოფილი პრემიერის, და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ გამოყენება, რომელმაც ოკუპაციას გადაარჩინა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანა, არის უპრეცედენტოდ ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება”,_ ამბობს ბედრია სიჭინავა.
რატომ ჩადო სახელმწიფო ბრალდებამ საქმეში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართულ პროპაგანდისტულ მედიაში გამოქვეყნებული ცნობები? – ეს კითხვა დღეს “პირველებმა” საქმის პროკურორს დაუსვა და ჰკითხა, ენდობა თუ არა პროკურატურა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოქვეყნებულ ცნობებს:
განგიმარტავთ, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს, შესაბამისად, საოკუპაციო რეჟიმის კონკრეტული ქმედებები, რომელიც ასახულია კონკრეტულ სტატიაში, მისი წარდგენა სასამართლო სხდომაზე ნდობა-არნდობას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს ფაქტის ასახვას.
იმ შემთხვევაში, როცა გიორგი გახარიამ მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებით მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზთან აღემართა საგუშაგო, შედეგად ამას მოჰყვა საოკუპაციო რეჟიმის საპასუხო ქმედებები. ამის დემონსტრირება იყო ამ შემთხვევაში ბრალდების მხარის მოტივაცია”, – განაცხადა პროკურორმა.


















