სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოზე მეტი „ჰეროინი” ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წითელ ხიდზე, სასაზღვრო სექტორის „ვახტანგისის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე 1998 წელს დაბადებული უ. ტ. და 1989 წელს დაბადებული ​ე. მ. დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა ედებათ.

„დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 10 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითურქეთი ფულს აკეთებს იმ დროს, როცა უკრაინელები რუსეთთან ომში სისხლს ღვრიან – ზელენსკი
შემდეგი სტატიაიმისთვის, რომ ცილა მიიღოს, საზღვარგარეთ გადაყვანა არაა საჭირო – ამილახვარი სააკაშვილზე