21.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 4, 2026
banner

სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული სუს-ის და შსს-ს ყოფილი თანამშრომლების პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული სუს-ის და შსს-ს ყოფილი თანამშრომლების პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს.

საქმე ეხება სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების ყოფილი უფროსისა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის ბრალდებას.

ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის საქმის განხილვა ცალკე ეპიზოდად მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფავლენიშვილი: მთავარი საფრთხე რუსიფიკაციის დაჩქარებული ტემპია
შემდეგი სტატიასაქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თამოსკინი“ 600 ლარით დააჯარიმა