სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს, გიორგი გახარია კი კომისიაზე მეორედ დაიბარეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ეხება.

გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს.

როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განმარტა, ის სხდომაზე ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებითაა დაბარებული, რათა დამატებით კითხვებს უპასუხოს.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, გიორგი გახარია კომისიის 23 ივნისის სხდომაზეა დაბარებული.

banner
წინა სტატიაშიMI-6-ის უფროსად, პირველად ისტორიაში დაინიშნა ქალი – ბლეიზ მეტრეველი
შემდეგი სტატიაისრაელმა გასულ ღამეს “ყუდსის ძალების” სამეთაურო პუნქტსაც დაარტყა