სასამართლომ სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა

სასამართლომ სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

საია-ს იურისტის, ნიკა მაღედანის თქმით, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„6 თვეზე მეტია სენაკის საკრებულო არ შეკრებილა. შესაბამისად, კანონის მიხედვით მათი უფლებამოსილება შეწყვეტილია. ეს გადაწყვეტილებაც თუ სააპელაციო სასამართლოში ძალაში დარჩება, გამოდის, რომ სენაკის არაუფლებამოსილ საკრებულოში კიდევ ერთი დეპუტატი დაინიშნება და არაუფლებამოსილი საკრებულო შემდგომ უკვე მის „უფლებამოსილებას” განახორციელებს. აქედან გამომდინარე, მათ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება თუ აქტი, სამართლებრივად ძალაუფლების არმქონე იქნება. სამართლებრივად ასეა, მაგრამ დაზიანებული პროცესების წყალობით შეიძლება ამას ლეგიტიმაცია მიენიჭოს,” – განაცხადა ნიკა მაღედანმა.

ცესკოს იურისტი კახა ნარეკლიშვილი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

„თვითმმართველობის კოდექსში ცალსახად არის მითითებული, რომ საკრებულოს შესახებ უფლებამოსილების შეწყვეტა საქართველოს მთავრობის დადგენილი ფორმით ხდება. ასეთი დადგენილება მთავრობას არ მიუღია. ამდენად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება არ შეუწყვეტია. ლეგიტიმური საკრებულოა და შესაბამისად, ცესკომ კანონით დადგენილი წესით და საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შუალედური არჩევნები დანიშნა,” – განაცხადა ცესკოს იურისტმა.

შეგახსენებთ, 14 აგვისტოს, საია-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება გაასაჩივრა, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა. საია ცესკოს განკარგულების ბათილობას ითხოვს.

„გასაჩივრებულ განკარგულებაში ცესკო-მ არჩევნების დანიშვნის საფუძვლად მიუთითა ის ფაქტი, რომ საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, ვახტანგ წურწუმიას (პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) 2022 წლის 31 მაისიდან შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე.

საია მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება,” – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- ვუსამძიმრებ ჩვენს სომეხ მეგობრებს, ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი
შემდეგი სტატიაპოდოლიაკი – რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია