სასამართლომ პარლამენტის ყოფილი წევრის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და პარლამენტის ყოფილი წევრის ნოდარ მოდებაძის განზრახ მკვლელობაში ავთანდილ ზაალიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ნოდარ მოდებაძეს და ავთანდილ ზაალიშვილს თელავის რაიონის სოფელ აკურას მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ ხმელიანის ადგილებში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც ნოდარ მოდებაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ავთანდილ ზაალიშვილს.

„აღნიშნულის გამო განაწყენებულმა ავთანდილ ზაალიშვილმა დატოვა შემთხვევის ადგილი და შურისძიების მოტივით ნოდარ მოდებაძის მკვლელობა განიზრახა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ავთანდილ ზაალიშვილი იმავე დღეს, ე.წ ხმელიანის ადგილებში სანადირო თოფით შეიარაღებული დაბრუნდა, ნოდარ მოდებაძეს მუცლის არეში ორჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ნოდარ მოდებაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ავთანდილ ზაალიშვილი 9 აგვისტოს, სოფელ აკურაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ავთანდილ ზაალიშვილი წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიექიმის განმარტებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: სიტყვა-სიტყვით არის დადასტურებული, რომ არქიტექტურის სამსახური კორუფციის ჭაობად რჩება