სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციონერ ნიკა მელიაზე თავდამსხმელის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულების — ცოტნე მირცხულავასა და გაბრიელ კობაიძის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საგამოძიებო უწყება ბრალდებულებისთვის 3000-3000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ლევან მეშველიანის გადაწყვეტილებით, ორივე პირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩა.
ცოტნე მირცხულავას შეფასებით, პროკურატურის ბრალდება აბსურდული იყო და სასამართლომ ობიექტურობა გამოიჩინა:
„რა აბსურდის თეატრთან გვქონდა საქმე, ყველამ კარგად იცის, მაგრამ დღეს, ყველასგან გასაკვირად, მოსამართლემ გამოიჩინა ობიექტურობა და არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
ჩემი და გაბრიელის წინააღმდეგ გამოძიება 162-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობდა, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლას ითვალისწინებს — იმ კამპანიაში, რომელშიც თვითონ ვიყავით ჩართული. ეს არის პოლიტიკური დევნა. „ქართული ოცნება“ პროტესტში ჩართული მოქალაქეების შეშინებას ცდილობს, თუმცა არ გამოუვიდა. გაჩერება არ შეიძლება, ნიკა მელია ჩემი მეგობარია და სადაც სიმართლეა, გამარჯვებაც იქ არის“, — განაცხადა მირცხულავამ.














