სასამართლომ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა და თავდებობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა და მისი თავდებობით შეცვლის შესახებ. ნიკა მელიას თავდებში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ექვსი დეპუტატი უდგებოდა თავდებში.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას კვლავ რჩება ყველა ის შეზღუდვა, რაც ჰქონდა დაწესებული, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის ტარება.

მოსამართლემ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განმარტა, რომ კვლავ არსებობს ზუსტად იგივე რისკები, რაც არსებობდა ნიკა მელიასთვის პირველ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს. ასევე, მოსამართლე კერატიშვილის თქმით, ბრალდებულმა დღევანდელ პროცესზე წესრიგი არ დაიცვა, არ დაემორჩილა მოსამართლის მოწოდებას, შეეწყვიტა ხმაური.

„გირაო დარჩეს ძალაში იმ დამატებით ვალდებულებებთან ერთად, რაც გამოყენებული იყო თბილისის საქალაქო სასმართლოს მოსამართლის მიერ 27 ივნისს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ 2 ივლისს“, – განმარტა მოსამართლემ.

როგორც სასამართლო პროცესზე ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, ელექტრონული სამაჯურის ტარების გამო, ნიკა მელიას კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ ეძლევა.

„სასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, რაც, მისი თქმით, პარლამენტარის უფლებამოსილების შეზღუდვაში გამოიხატება. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს პროკურატურა უაპელაციოდ უკრძალავს სატელევიზიო ეთერებში მისვლას და პოლიტიკურ ტოკშოუებში მონაწილეობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბატონო მოსამართლევ და რაშიც ფაქტობრივად გენერალური პროკურორი გვეთანხმება, პარლამენტარის უფლებამოსილების შეზღუდვა დაუშვებელია. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, პროკურორ დავით ნეფარიძეს მიაჩნია, რომ ნიკა მელიას არასდროს შექმნია პრობლემა მისი უფლებამოსილების განხორციელების დროს.

საქმის არსებითი განხილვის სხდომა 21 ოქტომბერს, 14 საათზე ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო ბინების გადაცემას უკანონოდ ახორციელებს” – დევნილებმა პროკურატურაში სავარაუდო კომპრომატი მიიტანეს
შემდეგი სტატიალარი გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა