“სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება” – გიორგი კახიანი ლევან ჯიბღაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ქვეყანაში შერჩევითი სამართლის არსებობას გამორიცხავენ. ისინი ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ და გირაოთი გათავისუფლებულ ლევან ჯიბღაშვილის საქმეს ეხმაურებიან. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, მსახიობისა და ბიზნესმენისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულებს სასამართლო დარბაზიდან უშვებენ. თუმცა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს კონკრეტული ასეთი საქმე ვერ დაუსახელა და აღნიშნა, რომ საჭიროა სტატისტიკის მოძიება.

„ეს მავნე პრაქტიკა, რომელიც ადრე არსებობდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ამის წინააღმდეგ ვიბრძვით. თუ რაიმე ისეთი შემთხვევები არის, რამაც შეიძლება მსგავსი კითხვები გააჩინოს, ამ კონკრეტულ შემთხვევებზე უნდა ვისაუბროთ და ამ კონკრეტულ შემთხვევებს მეტი პასუხი გაეცეთ. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და სასამართლომ თავად უნდა ახსნას, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პატიმრობაში პირის დატოვება მან არ ჩათვალა მიზანშეწონილად და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ,“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გათავისუფლდა. მან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით მას შემდეგ დატოვა, რაც გირაო გადაიხადა.

banner
წინა სტატიაშიკიმ ჩენ ინი რუსეთშია (video)
შემდეგი სტატიაშერჩევითი სამართლის მაგალითი – ოპოზიცია ლევან ჯიბღაშვილის საქმეს ეხმაურება