სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გაამართლა

region
ავტ.: region თებერვალი 12, 2020 18:32

სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გაამართლა

ყოფილი მერი თემურ აბაზოვი რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის მიმართაც.

აბაზოვის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ბრალდებულებს გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ გირაოს თანხები დაუბრუნდებათ.

მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე გულიევის მიმართ.

თემურ აბაზოვს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2018 წლის 14 ივნისს შეუფარდა, 2018 წლის 13 დეკემბერს კი აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

სისხლის სამართლის საქმეზე აბაზოვს ბრალი სსკ-ის 144.3-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი. ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებულებს რამინ ალახვერდიევს, აზერ სულეიმანოვს და ე. გულიევს ბრალად სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ედავებოდნენ.

სოციალურ ქსელში საქმესთან დაკავშირებით გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის სათემო რადიომ, ასევე, სტუდია „მონიტორმა“ რეპორტაჟები მოამზადეს. რეპორტაჟში საუბარია იმაზე, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მოგვიანებით, სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის

region
ავტ.: region თებერვალი 12, 2020 18:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,087
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics