სასამართლომ ლუკა სირაძის საქმეზე მარიანა ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

15 წლის ლუკა სირაძე ერთ-ერთი კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადახტა. ის რამდენიმე დღე კომაში იყო, 17 დეკემბერს კი გარდაიცვალა. ოჯახის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ლუკა სირაძეზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა – მას 2 დღის განმავლობაში კითხავდნენ და მუქარით სთხოვდნენ დანაშაულის აღიარებას მას შემდეგ, რაც “მწვანე სკოლის” კედლებზე წარწერები გააკეთა.

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, როგორც საია-მ და თავად ლუკა სირაძის დედამ თქვა, მოზარდი დაახლოებით 20 წუთით გამომძიებლებთან ოთახში მარტო დარჩა.

საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაერთო. 17 დეკემბერს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

2020 წლის 15 ივლისს, ფორმულას ეთერში ლუკა სირაძის დედამ, ელიკო ჩხიტუნიძემ თქვა, რომ დაკითხვის დროს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბავშვს “კისრის მოგრეხვით” ემუქრებოდა. ასევე, მისი თქმით, განყოფილებაში მყოფი სხვა პირებისგან გინება ისმოდა.

ელიკო ჩხიტუნიძის და საიას მტკიცებით, მოზარდზე ზეწოლას, ჩოლოიანის გარდა, კიდევ 3 პოლიციელი ახდენდა.

7 თებერვალს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გენერალურ ინსპექციას მიმართა საქმეში სხვა პოლიციელების გადაცდომებზე რეაგირების მოთხოვნით.

მარიანა ჩოლოიანის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდება 2011 წელსაც არსებობდა. მაშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა.

კერძოდ, საქმე 2011 წლის 26 მაისს ე.წ ყინწვისის სპეცოპერაციის დროს ნიკოლოზ გოგუაძის საქმეს ეხება. მარიანა ჩოლოიანმა დასჯისა და აღიარებითი ჩვენების მოპოვებისთვის გოგუაძის მიმართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად იძალადა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა – ამოღებულია 1000-მდე აბი სუბუტექსი
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან, 6 ე.წ. დონას კლასტერია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს