სასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელისგან გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო. ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ.

მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები გადააკვალიფიცირა, თუმცა ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ, ხანდაზმულობის გამო კი, გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელისგან.

„მამუკა ხაზარაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. მამუკა ხაზარაძე სისხლის სამართლის დევნის ხანხაზმულობის გამო გათავისუფლდეს სასჯელისგან. მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო და დამატებითი ვალდებულება, საზღვრის დატოვების აკრძალვა გაუქმდეს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მამუკა ხაზარაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა უძრავ ქონებაზე.

ბადრი ჯაფარიძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მეხუთე ნაწილი „გ“ ქვეპუნქტით თანახმად, ბადრი ჯაფარიძე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.

ავთანდილ წერეთლის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბე“ ქვეპუნქტზე. ავთანდილ წერეთელი ცნობილ იქნას დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 25-180 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „გე“ ქვეპუნქტის თანახმად, ავთანდილ წერეთელი სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან“, – განაცხადა მოსამართლემ.

ბრალდებულები განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განაჩენს პარტია “ლელოს” ოფისში ელოდებოდნენ, ავთანდილ წერეთელი კი “TV პირველის” ოფისში.

შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

banner
წინა სტატიაშიგორის სამხედრო ჰოსპიტლიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ბრძოლა გაგრძელდება,ჩვენ ამას გავასაჩივრებთ