სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ფოთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მაყვალა კვაშილავა განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, დაახლოებით 06:00 საათზე, ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონში, მაყვალა კვაშილავას თავის საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული უთანხმოების მიზეზით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა მიმოზა სიჭინავასთან, რა დროსაც მაყვალა კვაშილავამ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით მიმოზა სიჭინავას თავის არეში ნაჯახი რამდენჯერმე ჩაარტყა და სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად მიმოზა სიჭინავას გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა მაყვალა კვაშილავა იმავე დღეს, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა.

ფოთის რაიონულმა სასამართლომ მაყვალა კვაშილავა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სრულად სცნო და სასჯელის სახედ და ზომად შვიდი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე: რუსეთი არჩევნების შემდეგ ურთიერთობების დათბობითაა დაინტერესებული
შემდეგი სტატიამუსიკალური ჯგუფი Aerosmith საქართველოში კონცერტს გამართავს