სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რომან როგავა განზრახ მკვლელობაში და პირადი დოკუმენტის გატაცებაში დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108 და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.ზუგდიდან სოფელ ახალსოფლის მიმართულებით ტაქსით მოძრაობისას რომან როგავამ გადაწყვიტა დაუფლებოდა ტაქსის მძღოლ სოსო ეხვაიას კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას და მის კუთვნილ ნივთებს.
დანაშაულის ჩადენის მიზნით რომან როგავამ სოსო ეხვაიას, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი „ფოლკსვაგენ პასატის“ ავტომანქანით თავი მიაყვანინა სოფელ ახალსოფლის კოლხიდის უბანში, ცენტრალური გზიდან მოშორებულ, მოფარებულ და დაუსახლებელ ადგილზე და მოკვლის მიზნით ქვისა და ჩაქუჩის გამოყენებით თავს დაესხა. მიუხედავად სოსო ეხვაიას წინააღმდეგობისა, რომან როგავამ მას კეფის, შუბლის, სახისა და სხეულის სხვა მიდამოებში სხეულის მრავლობითი, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. სოსო ეხვაია მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ რომან როგავამ ავტომანქანის გატაცება სცადა, თუმცა გასაღები ვერ იპოვა, რის შემდეგ დააზიანა ავტომობილის საჭის მოპირკეთების ქვედა პანელი, და შეეცადა მანქანის დაქოქვას. მიუხედავად ამისა რომან როგავამ ვერ შეძლო დაუფლებოდა ავტომანქანას, რის შემდეგაც მოიპარა სოსო ეხვაიას ფულად თანხა – 10 ლარის ოდენობით, ნოკიას მოდელის მობილური ტელეფონი, სოსო ეხვაიას სახელზე გაცემული მართვის და ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა რომან როგავა 2015 წლის 25 დეკემბერს ქ. ზუგდიდში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ქვეპუნქტით – განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით – ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით -მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება წარედგინა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რომან როგავა დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რომან როგავას საბოლოოდ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ამავე განაჩენით რომან როგავა გამართლდა 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქეპუნქტით; 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით. განაჩენის სამოტივაციო ნაწილის მიღების შემდეგ, ბრალდების მხარე სასამართლოს განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების საკითხზე იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაშიბათუმის სანაპიროზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაასოშეითედ პრესი: WikiLeaks-ი ჩვეულებრივი მოქალაქეების მონაცემებს ასაჯაროვებს