სასამართლომ ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს და საქმეზე დაკავებულ კიდევ 7 პირს პატიმრობა შეუფარდა

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დავით ჯიჯეიშვილს და კიდევ 7 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მკვლელობაში ბრალდებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, კონკრეტულად, როგორც მან სხდომაზე განაცხადა, ხულიგნობის ნაწილში თავს არ ცნობს დამნაშავედ, თუმცა აღიარებს, რომ მირიან კუკავა სწორედ მის მიერ მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს ჩაინიშნა.

ბრალდებული 7 პირიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დავით ჯიჯეიშვილს, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი პოლიტიკაშია თუ პოლიტიკის მიღმა, მნიშვნელობა არ აქვს – ვოლსკი
შემდეგი სტატიამრცხვენია, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ მას ხმა მივეცი – მეუფე სტეფანე ზურაბიშვილზე