ისრაელის იუსტიციის უმაღლესმა სასამართლომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ პირობითი ბრძანება გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, გადაწყვეტილება მოჰყვა პეტიციას, რომელიც პრემიერის აპარატის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დრორიტ სტაინმეცის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. სასამართლომ ნეთანიაჰუს პასუხის წარსადგენად ვადა 13 აგვისტომდე მისცა.
სტაინმეცი, რომელიც ნეთანიაჰუს ოჯახთან, განსაკუთრებით კი პრემიერის მეუღლე სარა ნეთანიაჰუსთან დაახლოებულ პირად მიირჩევა, აღნიშნულ პოსტს 2025 წლის თებერვლიდან იკავებს და მისი უფლებამოსილება ყოველ სამ თვეში ერთხელ ახლდება.
ორგანიზაციამ „მოძრაობა მთავრობაში კეთილსინდისიერებისთვის“ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც სტაინმეცის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მას ბრალად ედება საჯარო მოხელის მიერ ქონების მოპარვა, კორპორატიულ დოკუმენტებში ყალბი რეგისტრაცია, დამამძიმებელ გარემოებებში თაღლითობით სარგებლის მიღება, თაღლითობა და ნდობის ბოროტად გამოყენება.
საქმე ეხება სკანდალს, რომელშიც სოციალური თანასწორობის მინისტრი მეი გოლანიც ფიგურირებს. ეჭვების თანახმად, სტაინმეცმა სამსახური მინისტრის მედიამრჩეველს, ჰარელ ჰერშკოვიცს გაუნაღდა, რომელიც საჯარო სამსახურის ყოფილი კომისრის, დანიელ ჰერშკოვიცის შვილიშვილია.

















