სასამართლომ ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევაში ბრალდებულს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და გიორგი რაზმაძე ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში დამნაშავედ სცნო, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი ითვალისწინებს.

„სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 21:45 საათზე, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, გიორგი რაზმაძე მისი მართვის ქვეშ მყოფი BMW-ს მარკის ავტომანქანით განსაკუთრებით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და ახორციელებდა ავტორბოლას აღნიშნულისთვის შეუსაბამო ადგილას, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვნივ და შეეჯახა ტროტუარზე ქვეითად მოსიარულე ნათია დვალს და თამარ მჭედლიძეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ნათია დვალი და თამარ მჭედლიძე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ.

გიორგი რაზმაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2016 წლის 15 სექტემბერს გიორგი რაზმაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და იგი დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რაზმაძე წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახედ და ზომად ათი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაში“თითის გაშვერა არ უნდა იყოს არავის მიმართ, არც სააკაშვილზე და პარტიის წევრებზე”
შემდეგი სტატიამთიან ყარაბაღში ახალი კონსტიტუციისა და სახელის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება