სასამართლომ აშშ-ს მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ ჭინჭარაშვილი სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე მუხლით დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს, საღამოს საათებში, თელავი-ფშაველი-თუშეთის საავტომობილო გზაზე, მთათუშეთისკენ ფეხით მიმავალ საქართველოში სტუმრად მყოფ ტურისტს, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს მიხეილ ჭინჭარაშვილი დაემგზავრა.

„დაახლოებით 20:00 საათზე, გზის მე-18 კილომეტრზე, მიხეილ ჭინჭარაშვილსა და ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც მიხეილ ჭინჭარაშვილმა ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს, მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში 16 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის რამდენიმე გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მიხეილ ჭინჭარაშვილი 13 აგვისტოს მთათუშეთის გზაზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თელავის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ ჭინჭარაშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი საჯარო სკოლებში წყლის სანიტარული და ჰიგიენური პირობების მდგომარეობის გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: ვიზალიბერალიზაციის პროცესი წლების წინ დაიწყო და ჩვენ დაგვირგვინების შესაძლებლობა გვაქვს