თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
აღნიშნული განაჩენი ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს. გამოძიების მიხედვით, ელისაშვილის ქმედება ადგილზე მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა აღკვეთეს, რის შემდეგაც იგი სამართალდამცავებმა დააკავეს.
პოლიტიკოსს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე აქვს წარდგენილი სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი — აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა ან სხვა ქმედება ტერორისტული მიზნით, რომელიც სიცოცხლის მოსპობის ან მძიმე შედეგის საფრთხეს ქმნის). ეს მუხლიც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.















