სასამართლო ვასილ ლელუაშვილის, ლევან ქარდავას და შოთა ხიზანიშვილის გამატყუნებელი განაჩენის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ვასილ ლელუაშვილის, ლევან ქარდავას და შოთა ხიზანიშვილის გამატყუნებელი განაჩენის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების, ბრალდებულების: ვასილ ლელუაშვილის, ლევან ქარდავას და შოთა ხიზანიშვილის მიმართ.

„სასამართლომ, დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტების ფაქტები და სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენის ნაწილში, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. სამივე მათგანს, ამ მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შემცირდა ერთი მეოთხედით და განისაზღვრა 1 წლის და 6 თვის ვადით. მათვე, 2 წლით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება. ასევე, ბრალდებული ვასილ ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ კომპიუტერული პროგრამის უნებართვო დამზადებაში, (კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის მიზნით) წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ამ დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულს 4 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად შემცირდა ერთი მეოთხედით და განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვასილ ლ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. ბრალდებული შოთა ხ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა სხვისი ნივთის გაფლანგვაში, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო თანხა -150 000 ევროს ოდენობით, არ იმყოფებოდა ბრალდებულის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველი 100 ათასიდან 290 ადამიანი იღუპება”
შემდეგი სტატიააშშ-ში ჰილარი კლინტონის წაშლილი წერილები გამოაქვეყნეს