საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის შესაძლო აკრძალვის საკითხი განიხილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ არჩილ გორდულაძესა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გვარამიამ საკუთარი პოლიტიკური წარსულისა და „საამაყო თუ არაამაყო“ დეტალების ფართო განხილვა დაიწყო.
„რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ, ბატონო მოსამართლევ, ნიკა გვარამია რით ამაყობს? თუ რამით სიამაყის გრძნობას განიცდით, გარეთ როცა გაბრძანდებით, ეს თქვენი უფლებაა… სასამართლო სხდომა ვერ გამოდგება თავისი შეხედულებების და გრძნობების ბენეფისად“, — მიმართა გორდულაძემ სასამართლოს.
საპასუხოდ ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელში მისი წარსული ციტატები თავადვე შეიტანა და ახლა იმავე გარემოებების ახსნას აპროტესტებს:
„თუ არ მომეცით შესაძლებლობა იმის დამტკიცების, რა ვიგულისხმე, ბრალდება რჩება ბრალდებად. შესაძლებლობის გამოყენება და ჭკუაში მოტყუება, ზოგადად, ჭკვიანების ხვედრია და საპროცესო უფლება“.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მოსარჩელე მხარის პროტესტი სამართლიანად მიიჩნია და გვარამიას მოუწოდა, სარჩელის არსს დაუბრუნდეს:
„ის, რომ განათლების რეფორმით ამაყობთ, თანამდებობიდან რომ გადადექით იმისთვის, რომ ხელფასი არ გყოფნიდათ, ამით ამაყობთ — ეს ასე უნდა იყოს და განსაკუთრებული საამაყო ამაში არაფერი არ არის!“ — მიმართა ნადარაიამ გვარამიას.















