,,სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის საჭიროა გადადგეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა ის წევრი, რომელმაც სიას მხარი დაუჭირა”

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის თავმჯდომარე და მას, ცხადია, ეკისრება პასუხისმგებლობა როგორც არსებულ ვითარებაში, ასევე იმაზე, რაც ბოლო წლების განმავლობაშო ხდებოდა ქართულ მართლმსაჯულებაში, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის საჭიროა, გადადგეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა ის წევრი, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების სიას მხარი დაუჭირა.

“პირველ რიგში შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ერთობა, ის ადამიანები, ვინც შევიკრიბეთ, დავიწყებთ აქტივობების მთელ რიგს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში სასამართლო ხელისუფლება გაჯანსაღდეს და ის კლანი, რომელიც აკონტროლებს ქართულ მართლმსაჯულებას, ჩამოშორდეს მას. პირველი და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა არის ის, რომ უნდა გადადგეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა ის წევრი, რომელმაც უფრო კარგად ნაცნობ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების სიას დაუჭირა მხარი.

ჩვენ ვმუშაობთ ბევრი მიმართულებით, არ გამოვრიცხავთ არც ერთ მეთოდს, ეს იქნება კომბინაცია კამპანიური სახის, შეიძლება იყოს შეხვედრები, წინადადებები, აქციები და ა.შ. ყველა დაინტერესებულ მხარესთან; მათ შორის პარლამენტში; მათ შორის საზოგადოების წარმომადგენლებთან, იმისათვის, რომ მკაფიოდ და არაორაზროვნად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მოთხოვნები. ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანაში უნდა გვქონდეს სამართლიანი სასამართლო, რათა ქართული მართლმსაჯულება კონსტიტუციის შესაბამისად ფუნქციონირებდეს“, – განაცხადა მენაბდემ.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ დარწმუნდნენ ხელისუფლების სურვილში – გააჯანსაღოს სასამართლო ხელისუფლება, საჭიროა, მათ გაიზიარონ ის შენიშვნები, რომლებიც არსებობს და გაიზიარონ გადაჭრის ის გზები, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ მათ შესთავაზა.

„მხოლოდ ამის შემდეგ ვირწმუნებთ იმას, რომ მართლაც მმართველ გუნდს სურს სიტუაციის გაჯანსაღება. ვინაიდან აქამდე მას ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია ამისთვის და ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური საფუძველი, უნდობლად მოვეკიდოთ ყველა ამგვარ განცხადებას მათი მხრიდან. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის თავმჯდომარე და მას ცხადია ეკისრება პასუხისმგებლობა როგორც არსებულ ვითარებაში, ასევე იმაზე, რაც ბოლო წლების განმავლობაშო ხდებოდა ქართულ მართლმსაჯულებაში“, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა
შემდეგი სტატიამუხიანში ელექტროშოკის გამოყენებით ქალზე ძალადობაში ბრალდებული დააკავეს