თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ, 30 აგვისტოს, 11:00 საათზე მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებული აქტივისტის, დენის კულანინის ქვეყნიდან გაძევების საკითხს განიხილავს. საქმე მოსამართლე ნინო შჩერბაკოვას დაეწერა. ინფორმაციას ტვ პირველი ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადვოკატები სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ, რომ კულანინის გაძევება მოხდეს მესამე ქვეყანაში და არა მის წარმოშობის ქვეყანაში — რუსეთში.
ამჟამად დენის კულანინი შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტშია მოთავსებული და მას რუსეთში დეპორტაცია ემუქრება. დღეს ცნობილი გახდა, რომ საიმიგრაციო დაწესებულებაში მან მშრალი შიმშილობა დაიწყო.
დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს.
მას ბრალი სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) ჰქონდა წარდგენილი — გამოძიების ინფორმაციით, მან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 მსჯავრდებული (მათ შორის კულანინი, დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი) შეიწყალა.















