სასამართლო პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ბავშვის დაჭრისთვის დაკავებულის მიმართ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ასევე ბრალდების მხარე აცხადებს, რომ დაელოდება ბრალდებულის მიმართ დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის პასუხებს, რის შემდეგაც უკვე ამ დასკვნაზე იქნება ბრალდების მხარის პოზიცია შემდგომ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

საქმის პროკურორის გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

ამასთან, დაკავებულის ადვოკატი ალექსი გაბუნია მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს. ადვოკატის განცხადებით, დაკავებულის ფსიქიკური პრობლემების გამო, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული და არასაპატიმრო ღონისძიების შემთხვევაში, ის სტაციონარში იქნება გადაყვანილი.

დაკავებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას საგამოძიებო უწყება სამი წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს მიაყენეს. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო რეჟიმისა და ქართული მხარის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიაპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ცხარე კამათის ფონზე გაიხსნა