თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე დაკავებული ძალოვნების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა იწყება. ხუთი დაკავებულიდან სასამართლო პირველ ეტაპზე ყოფილი სპეცრაზმელისა და შსს-ს მოქმედი თანამშრომლის საქმეს განიხილავს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებიდან არცერთს არ ჰყავს ადვოკატი — ისინი საკუთარი ინტერესების დაცვას სასამართლოზე თავად გეგმავენ. საქმეს გრიფი ადევს, რის გამოც პროცესი მედიისთვის დახურულია. ამავე სხდომის დასრულების შემდეგ, სასამართლო გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზეც იმსჯელებს.
ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი 7 მაისს დააკავეს.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


















