თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით დაკავებული გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებენ. ვინაიდან მალანია არასრულწლოვანია, პროცესი დახურულ რეჟიმში ტარდება.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილს ბრალდება სსკ-ის 25, 117-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი მალანიამ, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, თავდამსხმელებს — ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს მასწავლებლის საცხოვრებელი და სამუშაო მისამართები, ასევე გადაადგილების გრაფიკი გაუზიარა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მათ გეგმა შეიმუშავეს, თვალი ადევნეს პედაგოგს და 2025 წლის 1 ოქტომბერს ჯგუფურად დაესხნენ თავს. მიყენებული მძიმე დაზიანებების გამო, გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. უშუალო თავდამსხმელები უკვე მსჯავრდებულები არიან.

















