სასამართლო ბექა წიქარიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ბექა წიქარიშვილისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს.
,,თაიმერი” საქალაქო სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

”თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა წ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით, 14 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 23 იანვარს, ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს ეზოში გამოსული ბექა წ. უცენზურო სიტყვების გამოყენებით არღვევდა წესრიგს. მანვე, სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელს ესროლა აგური, რა დროსაც ჩაიმსხვრა მინა. სასამართლოს შენობის შუშის ჩამტვრევის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და მტკიცებულებების, მათ შორის, დაკავებულის ჩვენების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ბექა წ.-ს მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ადმინისტრაციული სახდელის კონკრეტული სახის განსაზღვრისას ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფდა ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მიზნებს”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,,იმედი გვაქვს, პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი მედიაგარემოს და ანტიკორუფციული ბრძოლის მიმართულებით”
შემდეგი სტატიაალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე დაკარგული 40 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს